Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

რა ძირითად შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობისას და რა შედეგებს იწვევს ისინი - ამის შესახებ ქოუჩი, ირაკლი დალაქიშვილი გადაცემაში ,,შუადღე" საუბრობს. 

,,​როგორც დიდი ადამიანი მუშაობს ერთზე მეტ სამსახურში, ისევეა ბავშვი, რომელიც რამდენიმე წრეზე ერთდროულად დადის და ასეთ დროს გვავიწყდება თამაშის დრო. უკვე ათი წელია, ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ რასაც ბავშვი თამაშით სწავლობს, ვერცერთ წრეზე ვერ ისწავლის. ამიტომ, ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო. ამას ემატება ის, რომ თბილისში აღარ გვაქვს ეზოები, პარკებშიც კი გვიჭირს ბავშვების გაყვანა. ამიტომ, რაღაცნაირად, უნდა ვეცადოთ, რომ მათ არ მოვაკლოთ თამაშის დრო.

ძალიან საყურადღებია ბავშვის შედარება სხვაზე - მე იმას არ ვამბობ, რომ შვილებს მოდელიდან მაგალითი არ უნდა მოვუყვანოთ, მაგრამ, მაგალითად, ასე უნდა ვუთხრათ - ათი ქულა უნდა მიიღო არა იმიტომ, რომ შენმა კლასელმა მიიღო, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიძლია. შედარების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან მერე ბავშვის მიზანი მუდამ ის არის, რომ ვიღაცას აჯობოს. 

შიში მშობლის მიმართ - ძალიან ხშირია მკაცრი მშობლის მიმართ შიში. რატომ არის ეს ცუდი - შვილს, რომელსაც შესაძლოა, რაიმე პრობლემა შეექმნას, მშობლამდე მისასვლელი გზა აქვს მოჭრილი, ასეთ შემთხვევაში. ბავშვს ეშინია, რომ მშობელი მას გაკიცხავს და როდესაც მას გადასაჭრელი საკითხი აქვს, მშობელთან კი აღარ მიდის, გავა ქუჩაში, თანატოლს ჰკითხავს და მიიღებს არასწორ რჩევას", - აღნიშნავს ირაკლი დალაქიშვილი.


წყარო: ,​,შუადღე"


წაიკითხეთ სრულად