Baby Bag

„საზღვრებს ვერავინ ვერ იცავს... არღვევენ საზღვრებს შვილების, რძლების, სიძეების მიმართ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლების მხრიდან შვილებისადმი გამოვლენილი ჰიპერმზრუნველობის მავნე შედეგებზე ისაუბრა:

„კომფორტის ზონიდან გამოსვლა არავის არ გვიყვარს. თუ მე კომფორტს შემიქმნი, რატომ არ გამოვიყენებ ამ კომფორტს იმისთვის, რომ დიახ, გამიკეთეთ ყველაფერი, მაჭამეთ, დამახვედრეთ, მომიტანეთ. კომფორტის ზონა არის საფრთხის შემცველი. რომ გაისარჯო და რაღაც გააკეთო, ამ კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. სიზარმაცე არ არის დამახასიათებელი ბავშვისთვის. ამას ჩვენ ვასწავლით და ვაჩვევთ. თუ მუდმივად წამოწოლილი მამაა, თან მოჯუჯღუნე, არაფერი რომ არ მოსწონს, ბებია ჰყავს წასული საზღვარგარეთ და აგზავნის ფულს. საჭმელი აქვთ, სასმელი აქვთ, არავის არ სჭირდება მუშაობა. წუწუნებენ ადამიანები, უნდათ მენეჯერად და დირექტორად მუშაობა. ამას არ სთავაზობს სამყარო და არის გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე.

ბავშვს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ მან თვითონ გააკეთოს, თვითონ ჭამოს, თვითონ ისწავლოს დალაგება, თვითონ ისწავლოს წაკითხვა და გაგება. მეშვიდე კლასელ შვილთან რომ დაჯდები, აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ შეუძლია ამოცანა წაიკითხოს, მათემატიკა უჭირს. განა აზროვნების პრობლემა აქვს, წაკითხვა არ იცის, იმიტომ, რომ სულ სხვა უკითხავს. თუ სხვამ არ წაუკითხა, მერე აღარ ესმის.

თუ ეკონომიკური მდგომარეობით არ არის განპირობებული და იძულებითი არ არის, მშობლებთან ცხოვრებას ირჩევენ ისევ კომფორტის ზონიდან გამომდინარე. შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდოს. ბებიასა და ბაბუაზე ძვირფასი არაფერია, მაგრამ შვილი მშობლებმა უნდა გაზარდონ. არის საზღვრების პრობლემა. საზღვრებს ვერავინ ვერ იცავს. არღვევენ საზღვრებს შვილების, რძლების, სიძეების მიმართ. შვილთან ხომ მიჩვეულია მშობელი, რომ მის მაგივრად ცხოვრობს, შესაბამისად იჭრება უხეშად წყვილის საუბარში, მათ გადაწყვეტილებაში. თუ ფინანსურად არჩენს, თვლის, რომ მოვალეა, ასწავლოს. „ფულს გაძლევ და დამიჯერე“- ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ადამიანის ჭიპლარი არასდროს არ გადაიჭრება. დიახ, უნდა გაუშვა შვილი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ არასდროს სიმპტომები - გიორგი ჩიჩუას რეკომენდაცია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ გადაცემაში „მთავარი ექიმი“ სიმპომების გამომწვევი დაავადების დასადგენად Google-ის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

როდესაც Google-ის მეშვეობით ვცდილობთ მოვძებნოთ საკუთარი სავარაუდო დიაგნოზი, შანსი იმისა, რომ ის სწორი აღმოჩნდეს დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა სამედიცინო მონაცემებზე.

მე ჩამოგითვლით 5 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ სიმპტომები.

1. ინტერნეტში სიმპტომების გამუდმებით ძიება იწვევს შფოთვით აშლილობას.

2. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე საკმაოდ საეჭვოა.

3. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სამკურნალოდ.

4. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით საშიშ რჩევებს.

5. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ექიმები ტყუილად არ არსებობენ. როგორც იცით, სამედიცინო განათლების მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს არ ხდება უმიზეზოდ. თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს."

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

წაიკითხეთ სრულად