Baby Bag

„უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები... ბავშვს ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვების ფსიქიკაზე საშინელებათა ჟანრის ანიმაციებისა და ბოროტმოქმედი პერსონაჟების გავლენის შესახებ ისაუბრა:

„ბავშვს ემპათია აღარ აქვს ადამიანისადმი, რომელსაც უჭირს, რომელსაც ურტყამენ, რომელიც დავარდა, იმიტომ, რომ თამაშებიც ასეთი აგრესიულია, სულ ურტყამენ, ესვრიან, სცემენ. ეს გზავნილები, რომელიც მოდის, ჩვეულებრივად იტვირთება ბავშვში. ტვინი ინახავს შიშებს. რაღაც მომენტში ხდება შემოჭრები, ეს შეიძლება მოხდეს ღამე, შეიძლება მოხდეს დღე. ბუნებრივია, მას ექნება დარღვეული ძილი და ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს.

რატომ უყვართ ადამიანებს საშინელებათა ფილმები? ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი და ჩვეულებრივი ადრენალინდამოკიდებულება ხდება. ეს ენატრება ადამიანს. ამ ბიზნესის შემქმნელები ამაზე არ ფიქრობენ. მათთვის მნიშვნელოვანია მოგება და ნახულობენ მოგებას.

ბოროტებას ადამიანი სწავლობს ზღაპრით. ზღაპარში კეთილი იმარჯვებს. აქ ორი ბოროტია. ერთი უფრო კარგი ბოროტია და მეორე უფრო ცუდი ბოროტი და ის იმარჯვებს. ბოროტება კარგი და კეთილი არ არსებობს. ხდება ამ ბავშვების გაუცხოება რეალურ სამყაროსთან, ნიჰილიზმის ჩამოყალიბება, გულგრილობა. ყველა მოუნელებელი შინაარსი, ყველა შიში, როგორც ბომბი ისეა, ნელი მოქმედების ნაღმია. ის რაღაც მომენტში აუცილებლად მოხვდება ადამიანს. უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები. რაც შეიძლება მეტი სპორტი, ხელოვნება, ხატვა, მეტი ჰაერზე ყოფნა, ერთად ყოფნა, ჩახუტება არის საჭირო,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თაფლს და დარიჩინს სისხლის გამათხიერებელი თვისებები აქვს,“- თერაპევტ-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი

„თაფლს და დარიჩინს სისხლის გამათხიერებელი თვისებები აქვს,“- თერაპევტ-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი

თერაპევტ-დიეტოლოგმა ასმათ კევლიშვილმა კომშის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კურკების ნახარში ბრონქიტის დროს ძალიან სასარგებლოა:

„განვიხილოთ თქვენთვის კარგად ნაცნობი კომში. როდესაც გვაქვს ბრონქიტი, ამ დროს კომშის კურკების ნახარში არის ძალიან კარგი. ერთი კომშის შიგთავსი უნდა ვხარშოთ ლორწოვანი, ბლანტი მასის მიღებამდე.  ჩავაგდოთ ორი ცალი მიხაკი და მასთან ერთად ვხარშოთ. მიხაკი ეხმარება ორგანიზმიდან ლორწოს გამოდევნას.​ შიგთავსი ხველის დამარბილებელია, მიხაკი კი ეხმარება ლორწოს გამოდევნას. ვისაც დაბალი არტერიული წნევა აქვს, შეუძლია ნებისმიერ საკვებს დაუმატოს მიხაკი და აიმაღლოს არტერიული წნევა. 2-3 წლამდე ბავშვებს მიხაკს არ ვუმატებთ.“

ასმათ კევლიშვილის თქმით, უმჯობესია, თუ კომშს შემწვარი ან მოხარშული სახით მივიღებთ:

„კომში უმჯობესია მივიღოთ შემწვარი ან მოხარშული, კომპოტის სახით. ცოცხალი ნაყოფი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. გავჭრათ კომში შუაზე, ამოვიღოთ გული. გული, როგორც გითხარით, შეგვიძლია მოვხარშოთ. დანარჩენი გამოვაცხოთ ღუმელში. რომ გამოვიღებთ, ამის შემდეგ კომშს ვუმატებთ თაფლს და დარიჩინს.“

„თაფლი არის საბადო მთელი მინერალების. თაფლი არის სისხლის გამათხიერებელი.​ ასევე სისხლის გამათხიერებელი თვისება აქვს დარიჩინს. იმ სპეციალისტების თქმით, ვინც უშუალო კავშირში არიან კოვიდ-19-ის მართვასთან, სისხლის სტრუქტურა ისე იცვლება, რომ შეიძლება სულ არ ვიცოდეთ ჩვენი სისხლის გაბლანტებისკენ, შესქელებისკენ მიდრეკილების შესახებ და უცებ გართულდეს ისე, რომ ძალიან მაღალი მაჩვენებელი მივიღოთ სისხლის შედედების, რომელიც თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების გართულებებს გვაძლევს.ვისაც გაქვთ მაღალი არტერიული წნევა და შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში, დარიჩინი შაქარს და წნევას დაბლა სწევს,“ - აღნიშნულ საკითხზე ასმათ კევლიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ გადაცემაში „ჩვენებური სურნელი“ ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად