Baby Bag

„რაც გინდა ის გიქნია“, დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედის რძე ბავშვის საჭიროების მიხედვით იცვლება, კვების დასაწყისში სხვა შემადგენლობა აქვს და ბოლოში - სხვა,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„დედის რძე ბავშვის საჭიროების მიხედვით იცვლება, კვების დასაწყისში სხვა შემადგენლობა აქვს და ბოლოში - სხვა,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

გადაცემა „ჯანმრთელობის ფორმულას“ წამყვანებმა დედის რძის სასარგებლო თვისებებისა და უნიკალურობის შესახებ ისაუბრეს:

„კაცობრიობას ძალიან ბევრი წარმატება აქვს ტექნოლოგიური, კოსმოსში გაემგზავრნენ და ახალი პლანეტების აღმოჩენისკენ წავედით, მაგრამ დედის რძე არის იმდენად უნიკალური პროდუქტი, რომ მისი ანალოგის შექმნა არის შეუძლებელი. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, რატომ არის შეუძლებელი და რატომ არის შეუცვლელი პროდუქტი. ის არის ცოცხალი ორგანიზმი, ბავშვის საჭიროების მიხედვით იცვლება, კვების დასაწყისში სხვა შემადგენლობა აქვს და ბოლოში - სხვა. მისი ანალოგის შექმნა ხელოვნური ფორმულის სახით, არის პრაქტიკულად შეუძლებელი.“

„ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ერთ-ერთი მითია, რომ დედის რძე სასარგებლოა მხოლოდ ექვს თვემდე და შემდეგ მას ფუნქცია და აზრი არ აქვს. რეალობასთან ამას საერთო არაფერი არ აქვს. დედის რძე თვისებებს იცვლის როგორც კვების დასაწყისში, ასევე კვების დასასრულს. ორ წლამდე აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამბავი იმის შესახებ, რომ დედის რძე მხოლოდ ექვს თვემდეა სასარგებლო, მითია,“- აღნიშნულ საკითხზე წამყვანებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრეს.

წყარო:​ „ჯანმრთელობის ფორმულა“

წაიკითხეთ სრულად