Baby Bag

„რაც გინდა ის გიქნია“, დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას,“ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე

„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას,“ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული უახლესი კვლევის შესახებ ისაუბრა:

დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას.გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილში. საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.

არაერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია: კოვიდი აზიანებს ადამიანის თავის ტვინს.არ დაინფიცურდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინს. აიცერით, რომ დაიცვათ თავის ტვინი.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი.გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს.

გვეყოს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.  მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ახლა არ უნდა იყოს. ქვეყანა იღუპება,, მომავალი იღუპება, შეიგნეთ.

უკან დასახევი გზა და ლოდინის დრო არ არის.ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას. არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

წაიკითხეთ სრულად