„რაც გინდა ის გიქნია“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვს ნებისყოფა არ ჰყოფნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს გავარჯიშებადია და სამუშაოა,“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მშობლებს ურჩია, როდესაც ბავშვი იტყუება, აუცილებლად გაარკვიონ, რაში დასჭირდა მას ტყუილი და რა იყო მისი მიზანი:

„ბავშვს სტატუსი რაც აქვს, უფრო მეტი და მეტი უნდა. თუ 12 წამში გაირბინა 100 მეტრი, შემდეგ 9-ში და 8-ში უნდა. ამას აქვს გარკვეული ასაკი. ეს არის 12-დან 18-19 წლამდე ასაკი. ეს იმიტომ ხდება, რომ სტატუსი მჭირდება. ყველა იტყუება სტატუს-კვოს შენარჩუნების მიზნით. ტყუილი თითქოს ნეგატიურია, მაგრამ სიამოვნებით ვამბობთ, რომ ფეხბურთელმა მოატყუა ერთი, მეორე, მესამე. ისევე როგორც ფილმს ვნახულობთ, გვატყუებენ და ფულს ვიხდით ამაში.

თუ მორალური თვალსაზრისით შევაფასებთ, ზოგიერთი ტყუილი უკეთესია, ვიდრე მართალი. ლიტერატურაში არის ასეთი მაგალითი, ცოლი გყავს ახალი მოყვანილი, საჭმელი გააკეთა და არის რაღაც საშინელება. მადლობა უნდა გადაუხადო თუ უნდა უთხრა, რომ ეს საშინელება, თუ კარგია შენ ჭამე? როდესაც მოზრდილი ან ბავშვი გატყუებთ, გაერკვიეთ, რაში სჭირდებოდა ეს. ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეშინოდა და სასჯელს გადარჩეს, თუ რისთვის? ის, რომ ბავშვი აქტიურად იტყუება, არის დასაზუსტებელი, რას ნიშნავს. გარკვეულ ასაკში ეს სჭირდება ფანტაზიას და განვითარებას. არ არსებობს კარლსონი? არ არსებობს არაფერი, რაც შენ წარმოგიდგენია? თუ ფანტაზიაა, რატომ უნდა შეუშალო ხელი.

პრობლემების დროს, როდესაც შვილებზე არის პრობლემა, ხშირად ირკვევა, რომ შვილი არ არის პრობლემა, თვითონ მშობლები არიან პრობლემა. ბავშვი იდეალური მანიპულატორია. თუ დაიჭირა მომენტები, ისე ათამაშებს ამ მშობლებს, რომ თვითონაც ვერ გაიგებენ. თუ ბავშვს ნებელობითი პროცესები არ აქვს განვითარებული, ნებისყოფა არ ჰყოფნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს გავარჯიშებადია და სამუშაოა. ორი საათი ბავშვი იჯდა და არ განძრეულა, ჩავიდა ეზოში და სუფთად ამოვიდა, მაშინ უნდა მიიყვანოთ ფსიქოლოგთან,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად