Baby Bag

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თქვენით იწყება ჩვენი ცხოვრება, თქვენ გვასწავლით პირველ ნაბიჯებს... თქვენ ხართ საამაყო,“- გიორგი ღოღობერიძის მიმართვა დედებს

„თქვენით იწყება ჩვენი ცხოვრება, თქვენ გვასწავლით პირველ ნაბიჯებს... თქვენ ხართ საამაყო,“- გიორგი ღოღობერიძის მიმართვა დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედებს დედის დღე მიულოცა და უკრაინელი დედების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა:

„დედების როლი უზარმაზარია. ამ კრიტიკულ წამებშიც კი, რომელსაც მთელი მსოფლიო ვადევნებთ თვალს, ალბათ, გინახავთ ძალიან ბევრი უკრაინელი ჯარისკაცის ვიდეო, რომელშიც ისინი მიმართავენ დედებს, ეუბნებიან: „დედა, ახლა, როდესაც ბომბები გვაცვივა თავს, ჩვენ ვართ ძლიერად, მყარად, ამაყად. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, მშვიდობისთვის, წარმატებისთვის. ასეთი საამაყო და ძლიერი ვაჟკაცები რომ ჰყავს უკრაინას, ვისი დამსახურებაა?! დამსახურებაა სწორედ დედების!“

„თქვენით იწყება ჩვენი ცხოვრება, თქვენში ვიწყებთ ჩვენი ცხოვრების პირველ წამებს. თქვენში ვიძენთ ამ სხეულს, ამ ხელებს, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა თქვენი მშვიდობისთვის. თქვენ გვიზიარებთ ჩვენ პირველ საკვებს საკუთარი სხეულით, თქვენ გვიზიარებთ ჩვენ სითბოს, თქვენ გვასწავლით პირველ ნაბიჯებს. მარტო 3 მარტი კი არა, ყველა დღე თქვენია. ვულოცავ ამ დღეს უკრაინელ და ქართველ დედებს. თქვენ ხართ საამაყო! დიდება უკრაინას და საქართველოს!“- აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად