Baby Bag

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად