Baby Bag

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო მეტია დედის რძის დატვირთვა ბავშვისთვის სარგებლის მოტანის კუთხით,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

„ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო მეტია დედის რძის დატვირთვა ბავშვისთვის სარგებლის მოტანის კუთხით,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

​​პედიატრმა ნინო თოთაძემ ჩვილი ბავშვის კვების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პირველად ბავშვს დამატებითი საკვები მხოლოდ 5-10 გრამის რაოდენობით უნდა გავასინჯოთ:

„მაქსიმუმი, რაც პირველი გასინჯვა შეიძლება მოხდეს პროდუქტის, ეს არის 5-10 გრამი. დაუშვებელია ორი ახალი პროდუქტის ერთად გასინჯვა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ არ არის ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა კარგად ჩამოყალიბებული. ორი პროდუქტის გასინჯვის შემთხვევაში ორგანიზმს შეუძლია გაუჭირდეს გადამუშავება. თუ ალერგიული პროცესი გვექნა, ძნელი გასარჩევია, რომელი პროდუქტია ალერგიული. ამიტომ ეს უნდა მოხდეს ძალიან თანმიმდევრულად. მეორე დღეს შეიძლება 3-4 სადილის კოვზით შეიცვალოს საკვების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ დამატები კვება უმნიშვნელოვანესია, ​ძუძუთი კვებას ვაგრძელებთ ორი წლის ასაკამდე. ორი წლის შემდეგ სასურველია, რომ ძუძუთი კვება შეწყდეს.“

ნინო თოთაძის თქმით, საბავშვო ორცხობილები მთელმარცვლიანი ბურღულეულისგან უნდა იყოს ნაწარმოები:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბურღულეულის პროდუქტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტი იყოს მთელმარცვლიანი ბურღულეულისგან ნაწარმოები. ეს არის ყველაზე საყურადღებო ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. პირველი მოთხოვნა მაინც არის პროდუქტის ეტიკეტის შესაბამისობა ბავშვთა ასაკთან. წლამდე ასაკში მე გამიჭირდება რეკომენდაცია მივცე სახლში მომზადებულ ორცხობილებს, იმიტომ, რომ გაუჭირდება მშობელს დოზირება ცხიმისა და შაქრის რაოდენობის.“

„ძროხის რძე ძალიან ცხიმიანია, მისი მიღება განზავების გარეშე, განსაკუთრებით 1-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ არის რეკომენდებული. ძალიან მნიშვნელოვანია წყალიც. წყალი უნდა მივცეთ ბავშვს ექვსი თვის ასაკიდან. ექვს თვემდე დედის რძე ბავშვს აბსოლუტურად ყოფნის. მშობლები ხშირად სვამენ კითხვას: ზაფხულის პერიოდია და ხომ არ მივცეთ ბავშვს დამატებით წყალი? თუ ჰიდრატაციის რაიმე პრობლემაა, შეიძლება ექიმის რჩევით ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. დედის რძე აბსოლუტურად უზრუნველყოფს წყლით ბავშვს. ​ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო მეტია მისი დატვირთვა ბავშვისთვის სარგებლის მოტანის კუთხით. ექვსი თვის შემდეგ, იწყებს რა ბავშვი დამატებით კვებას, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასმელად შემოდის წყალი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო თოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

წაიკითხეთ სრულად