Baby Bag

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის მშობლის მთავარი შეცდომა ჭირვეულ ბავშვთან ურთიერთობისას? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

რა არის მშობლის მთავარი შეცდომა ჭირვეულ ბავშვთან ურთიერთობისას? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

მშობლებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ხშირად აწუხებთ შემდეგი სახის პრობლემები:

  • ბავშვები დამატებით კვებაზე ღამის საათებშიც რთულად ამბობენ უარს. ისინი წყალს არ ეკარებიან და მხოლოდ თბილი ხელოვნური ნარევის მიღებაზე არიან თანახმა.
  • ბავშვები კვებასთან დაკავშირებით პრეტენზიულები ხდებიან, იწყებენ საკვების დაწუნებას, ტირილს და ჭამაზე უარს ამბობენ.
  • ზოგიერთი ბავშვი დედას 10 მეტრის დაშორებით გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევს, მას არსად უშვებს და მამასთან გაჩერებაზეც კი უარს ამბობს. ​თუ დედა თვალს მიეფარება, ბავშვი ხმამაღლა ტირილს იწყებს.

როდესაც ბავშვი პრეტენზიული ხდება და ჭირვეულობს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში?

ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები არ არის. ყველა ეს პრობლემა პედაგოგიკის სფეროს განეკუთვნება. თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, ბავშვი აპროტესტებს, ყვირის, წინააღმდეგობას გიწევთ, რის გამოც თქვენ გადაწყვეტილებას ცვლით. აუცილებელია, რომ მშობლებმა მოილაპარაკონ და გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ჭამის დროა, ან გარკვეული საკვები ბავშვმა არ უნდა მიიღოს, ან რამდენიმე წამით მისი მარტო დატოვება გინდათ, ეს გადაწყვეტილება აღარ უნდა შეცვალოთ.

​თუ მშობლები ბავშვის წინააღმდეგობის და ჭირვეულობის გამო მიღებულ გადაწყვეტილებებს ცვლიან, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბავშვის ნება გაცილებით ძლიერია მშობლების ნებაზე.

მშობლებს ეშინიათ, რომ ხანგრძლივი ტირილი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ამ შიშის გამო ისინი ხელს უწყობენ ბავშვის ისეთი ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მის განვითარებაზე უარყოფითად ზემოქმედებს და მას ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. ჩემი გულწრფელი რჩევაა, ​ატირებულ ბავშვთან თავი ხელში აიყვანოთ და ბავშვი პედაგოგიკის საზოგადოდ აღიარებული კანონების მიხედვით აღზარდოთ. აღზრდის მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მშობლებს ეკისრებათ და არა ერთი წლის ბავშვს.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად