Baby Bag

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რჩევის მიცემა: „მე შენს ადგილას ამას ვიზამდი,“ არის შეცდომა კომუნიკაციის,“ - მარინა კაჭარავა

„რჩევის მიცემა: „მე შენს ადგილას ამას ვიზამდი,“ არის შეცდომა კომუნიკაციის,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება აშინებთ. მისი თქმით, მსგავს ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ დირიჟორი, რომელიც მათ უხელმძღვანელებს:

„არსებობს ასეთი დაავადება, აბულია ჰქვია. ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, არ შეუძლია. არ შეუძლია იმიტომ, რომ თუ ვინმე არ მოქაჩავს და არ წაიყვანს, ისე ვერ მიდის. ეს არის ინფანტილიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. ​მას მუდმივად სჭირდება დირიჟორი, სცენარისტი, ადამიანი, ვინც მას სადღაც წაუძღვება. არსებობს მთელი რიგი ტექნიკები გადაწყვეტილების მისაღებად. კვადრატში ჩავწეროთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, სქემა კეთდება. დადებითია ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება იყოს კარგი ამ არჩევანის დროს.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ადამიანისთვის რჩევის მიცემა რთულია და ამ კუთხით ხშირად შეცდომას ვუშვებთ:

„ძალიან რთულია რჩევა მისცე ადამიანს. როდესაც რჩევას გეკითხებიან, ერთი ისაა, რომ ის არ შეასრულებს. თუ შეასრულა და ცუდად გამოვიდა, შენ დაგაბრალებს. თუ კარგად გამოვიდა, იტყვის, რომ მე მაინც ასე ვაპირებდი და იმისთვის არ მომისმენია. რჩევის მიცემა: „მე შენს ადგილას ამას ვიზამდი,“ ​ეს არის შეცდომა კომუნიკაციის. თვითონ რას ფიქრობს ადამიანი, თვითონ როგორ ფიქრობს, მისთვის რა არის უკეთესი, თვითონ გადაწყვიტოს. მშობელზე უკეთ არავინ იცის მის შვილს რა სჭირდება. ვერავის მე ჭკუას ვერ ვასწავლი, ბუნებრივია. არც არის საჭირო. ლაპარაკია იმაზე, რომ ბავშვს მივცეთ ალტერნატივა, არჩევანის საშუალება. მისი არა მივიღოთ. თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას ეხება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავ და არ განვიხილავ ამას. ბავშვი რომ ფანჯარაზე აძვრება, იქ მასთან პოლემიკაში არ შედიხარ. მოკიდებ ხელს და ჩამოსვამ.“

„ცხოვრებისეულ საკითხებში უნდა მივცეთ არჩევანი, რა ჩაიცვას, რა ჭამოს. შეიძლება მეტი არაფერი არ მაქვს და ნუ შეჭამს მაშინ. არაფერი არ მოუვა ერთხელ რომ არ შეჭამოს. ეს უნარები ბავშვობიდანვე მუშავდება. როდესაც ის გაიზრდება, ვექტორი გადის გარეთ. თავიდან მშობელია ავტორიტეტი, მერე მოდის მასწავლებელი. ძალიან დიდი ბედნიერებაა კარგი პედაგოგი რომ ჰყავს ბავშვს, კარგი დამრიგებელი და კარგი ქართულის მასწავლებელი. 11-12 წლიდან ბავშვები ავტორიტეტებს კარგავენ მეტ-ნაკლებად. მშობელი ძალიან უნდა ეცადოს, რომ დარჩეს ავტორიტეტად. მე ხშირად ვამბობ ხოლმე: ნუ დააძახებინებთ შვილებს სახელებს. ​დედა და მამა ერთადერთია ამქვეყანაზე. ეს არის ის, რასაც სხვას ვერასდროს ვერ დაუძახებ. მშობელი უნდა დარჩეს ავტორიტეტად, გადამწყვეტ სიტყვას ის უნდა ამბობდეს, მაგრამ ბავშვს უსმენდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად