Baby Bag

„თუ ცოცხალ გარემოში ბავშვს არ შესთავაზეს ისეთი თამაში, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება, მაშინ ის ამ თამაშს მოძებნის ტელეფონში,“- ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ამონაშვილმა ბავშვების ეკრანდამოკიდებულების დასაძლევად მშობლებს ურჩია, რომ შვილებს გაჯეტებისა და ონლაინ თამაშების საინტერესო ალტერნატივა შესთავაზონ:

„გაჯეტებს შიგნით აქვს ისეთი ვერაგული რაღაცები ჩადებული, რომელიც ნარკოტიკივით არის ბავშვებისთვის, ამიტომ ძალიან რთულია ისეთი ალტერნატივის შეთავაზება ბავშვისთვის, რომ ის ამას გადადებს და სხვა რაღაცაზე გადმოერთვება, თუნდაც ეს იყოს სხვა მისი მეგობარი იქვე მჯდომი. მათ ერთად შეიძლება კინოსაც უყურონ, რომ დასხდებიან. ჩვენ უნდა მოვუფიქროთ რაღაც ალტერნატივები ტელეფონის მაგივრად.

მე ვერ გეტყვით, რომ ბავშვებს აქვთ თამაშის დეფიციტი. ყველა ბავშვი თამაშით იზრდება. ბავშვებს თამაშები სჭირდებათ. ბავშვს არ შეუძლია, რომ არ განვითარდეს. რაც მისი განვითარებისთვის საჭიროა, იმას აუცილებლად მოძებნის ის მის გარშემო. რაღაც ასაკამდე ეს არის მარტო თამაში, სხვა ის ვერაფრით ვერ ვითარდება. თუ ცოცხალ გარემოში ბავშვს არ შესთავაზეს ისეთი თამაში, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება და მისი განვითარებისთვის იქნება საინტერესო, მაშინ ის ამ თამაშს მოძებნის ტელეფონში. ტელეფონშიც თამაშობს ის რეალურად.

კომპიუტერული თამაშები რატომ არის ასეთი მიმზიდველი? იქ ბავშვს უკმაყოფილდება ყველანაირი მოთხოვნილება, რაც მას აქვს. უკმაყოფილდება დიდობის განცდა, თავისუფლების განცდა, შეუძლია აირჩიოს რაც უნდა, სადაც უნდა, იქ წაიყვანოს თავისი გმირი. მას უკმაყოფილდება განცდა, რომ დიდია და თვითონ აკონტროლებს ვითარებას. ისეთი რაღაცები არის ჩადებული ამ თამაშებში, რომ მისი ალტერნატივის შეთავაზება ხშირად გვიჭირს ხოლმე მშობლებს. ბავშვს უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა,“- მოცემულ საკითხზე ნინო ამონაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიყვარულის ენა არის ისეთი სითბო, რომელიც აგრესიას აჩერებს, რომელიც მთებს გადადგამს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„სიყვარულის ენა არის ისეთი სითბო, რომელიც აგრესიას აჩერებს, რომელიც მთებს გადადგამს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ სიყვარულის ენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარულის სხვადასხვა ტიპი არსებობს:

„სიყვარული მართლაც არის ურთულესი თემა. რაც ადამიანი არსებობს, არსებობს სიყვარული. ​არის სიყვარულის ტიპები, რომელიც შეიძლება ფსიქიკურ აშლილობას მიუახლოვდეს და ადამიანს მკურნალობაც დასჭირდეს. როდესაც ადამიანის ღირებულებათა სისტემაში ყველაზე მაღლა დგას ადამიანი, ის მას აუცილებლად მოიყოლებს. არ აქვს მნიშვნელობა შვილი იქნება, თუ დედა, ეს არის ღმერთის ადგილი. ეს არის ღმერთის ადგილი და მისი ადგილის დაკავება ადამიანით შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს.“

მარინა კაჭარავას თქმით, სიყვარულის დროს ბევრი ნივთიერება გამოიყოფა:

​სიყვარულის დროს ბევრი ნივთიერება გამოიყოფა, სტრესის ჰორმონი, სიყვარულის მოლეკულა, რომელიც მუცელში პეპლებს იწვევს. სხვათა შორის, ამ ნივთიერების მიღება შოკოლადით და მარწყვით ხდება.“

​სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს: მოსმენას, თვალის კონტაქტს, ემპათიას. ეს არის ისეთი სითბო, როგორც სიტყვაში, ასევე გამოხედვაში, რომელიც აგრესიას აჩერებს, რომელიც მთებს გადადგამს, ეს არის შეხება. ქრისტიანულ სიყვარულში არის მოთმინება, დათმობა. ის არ ბოროტობს, არ შურს, ენდობა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ადამიანური დრამის ბოლო სცენაზე რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“ 

წაიკითხეთ სრულად