Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 გზა ბავშვის აზროვნების უნარის გასავითარებლად

5 გზა ბავშვის აზროვნების უნარის გასავითარებლად

ბავშვის აზროვნების უნარის განვითარებაზე ზრუნვა პირველივე წლიდანვე უნდა დაიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ პატარას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში ხელი შეუწყოთ და მისი მისწრაფებები წაახალისოთ. თქვენი შვილის აზროვნების უნარის განვითარებაზე თუ ზრუნავთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მარტივ აქტივობებს ყურადღებით გაეცანით. მათი გამოყენებით ​ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებასა და აზროვნების უნარის გაუმჯობესებაში დაეხმარებით.

1. მოამზადეთ ბავშვი ხოხვისა და სიარულისთვის

ბავშვი იატაკზე ხოხვის, ჯდომისა და სიარულისთვის მზადებას მუცელზე წოლით იწყებს. თქვენი პატარა ხალიჩაზე ყოველდღიურად დააწვინეთ მუცლით. შესაძლოა, თავდაპირველად, მას ეს არ მოეწონოს, რის გამოც​ ყველაფერი ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ბავშვი თავდაპირველად მუცელზე დაიწვინეთ, თავად კი ხალიჩაზე ზურგით დაწექით. როდესაც ბავშვი ხალიჩაზე მუცლით წოლას თავადაც შეძლებს, მას ახლოს სათამაშოები დაულაგეთ. ბავშვმა უნდა სცადოს სათამაშოების ახლოს მოზიდვა. თავდაპირველად ბავშვი ხალიჩაზე 2-5 წუთით უნდა დატოვოთ. დროთა განმავლობაში კი ეს დრო 20 წუთამდე შეგიძლიათ გაზარდოთ.

2. ბავშვს წიგნები წაუკითხეთ

კითხვა ბავშვს ახალ სიტყვებს აცნობს და ის მშობლიურ ენას უკეთ ეცნობა. როდესაც მშობელი მას წიგნს უკითხავს, ბავშვი კითხვის პროცესში აქტიურად ერთვება. კითხვისას მაქსიმალური მონდომება გამოიჩინეთ. გაახმოვანეთ ნაწარმოების პერსონაჟები და საგნები. თითოეული პერსონაჟის გახმოვანებისთვის სხვადასხვა ხმის ტემბრი და მიმიკა გამოიყენეთ. ბავშვს წიგნში გამოსახულ ფიგურებსა და საგნებზე ხელით მიუთითეთ. პატარებს ძალიან უყვართ ხმოვანი წიგნები, რომლებიც ფერადი ნახატებით ძალიან მდიდარია. მსგავსი წიგნები განსაკუთრებით მოსწონთ 6-12 თვის ასაკის პატარებს.

3. თქვენს შვილს ხშირად ესაუბრეთ

რაც უფრო მეტ სიტყვას მოისმენს ბავშვი ადრეული ასაკიდან, მით მეტად გაუადვილდება მას საუბრის დაწყება და აზრის გამართულად გადმოცემა. ​თქვენი მოსმენა ბავშვს საუბრის რიტმის შესწავლაშიც ეხმარება, ის სწავლობს როგორ დასვას კითხვები, როგორ ჩამოაყალიბოს წინადადება. მართალია, თანამედროვე ბავშვებს თანატოლებთან და უფროსებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ, თუმცა ეს დანაკლისი თქვენ უნდა შეავსოთ. შეგიძლიათ ბავშვთან ერთად ენობრივი თამაშები ითამაშოთ.

4. იყავით თქვენი შვილის გულშემატკივარი

ხელი ჩასჭიდეთ თქვენს შვილს, გაუღიმეთ, გაამხნევეთ, როდესაც სიახლესთან ზიარებას ცდილობს. ეს ბავშვს მეტ სითამამეს შესძენს, ის სწავლისა და ახალი აღმოჩენებისადმი მეტად გახსნილი გახდება. მშობელთან მიჯაჭვულობა ბავშვს მეტ გამბედაობას სძენს, რათა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა სცადოს.

5. თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეთ

თამაში ბავშვს გარემოს შესწავლაში ეხმარება. ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენას იწყებს.​ თქვენი შვილი წაახალისეთ, რომ მან წარმოსახვითი თამაშები შეიყვაროს. ბავშვს სათამაშო ჭიქა მიაწოდეთ და დააკვირდით, დაიწყებს თუ არა ჭიქიდან წყლის დალევას. ახალი აღმოჩენები და მნიშვნელოვანი უნარების ათვისება ბავშვის ტვინს განვითარებაში ძალიან ეხმარება.

მომზადებულია​ parents.com -ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად