Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც უფრო ენდობი ბავშვს, მით უფრო უკეთესად იქცევა ბავშვი,“ - ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი

„რაც უფრო ენდობი ბავშვს, მით უფრო უკეთესად იქცევა ბავშვი,“ - ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი

​​ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი ბავშვის აღზრდის უმთავრეს პრინციპებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის პატიოსნების და სამართლიანობის მაგალითი არის მშობელი:

„ბავშვს პატიოსნებისა და სამართლიანობის მაგალითი, პირველ რიგში, უნდა მისცეს მშობელმა. მშობელი არის ბავშვისთვის პატიოსნების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის, ყველაფერი დადებითის სიმბოლო. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ თვითონ მშობელი იქცევა არასწორად, აქ ელემენტარულ რამეებზეა საუბარი, ​პატარა დეტალებს, ყველაფერს იჭერს ბავშვი. ვთქვათ, ავტობუსში ავიდნენ ერთად მშობელი და შვილი, დედამ არ აიღო ბილეთი. ბავშვი ეუბნება: „დედა, აიღე ბილეთი.“ დედა კი პასუხობს, რომ არაუშავს, ეს არაფერია. ბავშვს თავზე დაემხო მთელი სამყარო. მისთვის დედა იყო სიმბოლო სამართლიანობის და ის უცებ ასე მოიქცა. ბავშვმა უკვე ვეღარ გაარჩია სიკეთე და ბოროტება, მან უკვე ვეღარ გაიგო თეთრი და შავი. რომ იზრდება ბავშვი, ის უკვე ვეღარ არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან, იმიტომ, რომ ბავშვობაში ეს დაერღვა. ვთქვათ, სახლში ტელეფონი რეკავს, დედა ან მამა შვილს ეუბნება, რომ უპასუხოს და უთხრას, თითქოს მშობლები სახლში არ არიან. თითქოს არაფერი, პატარა დეტალია, მაგრამ ბავშვს უკვე დაენგრა სამყარო. ის წარმოდგენა სიკეთეზე, რომელიც იყო მშობლის სიმბოლო, დაინგრა, მოიტყუა მშობელმა.“

ნინო კანდელაკის თქმით, ბავშვთან ურთიერთობისას დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მშობლებს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატარა დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს ბავშვის მთელ შემდგომ ცხოვრებას, ეცოდინება მას სიკეთის და ბოროტების გარჩევა, თუ ეს გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენდოთ ბავშვს ყველა ასაკში. ის უნდა იზრდებოდეს ნდობის ატმოსფეროში. რაც უფრო ენდობი ბავშვს, მით უფრო უკეთესად იქცევა ბავშვი. რაც უფრო არ ენდობი ბავშვს, ის შეიძლება უფრო ცუდად მოიქცეს, იმიტომ, რომ შენს ნდობას ის ვერ იმსახურებს. ბავშვი ასეა მოწყობილი, რომ ​შენ რა სახელსაც ეძახი, ის ცდილობს ეს სახელი გაამართლოს. თუ დაუძახებ: „უზრდელი ხარ, ცუდი ხარ, ზარმაცი ხარ,“ ის გაამართლებს ამ სახელს საქციელით. ამიტომ ყოველთვის უნდა ვუთხრათ ბავშვს: „შენ კარგი ხარ!“ თუ რაღაც მისათითებელია ქცევაზე, რა თქმა უნდა, ვეუბნებით, რომ ეს არ არის კარგი ქცევა, თუმცა თავად ბავშვი კარგია. ასე იმიტომ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვი არაცნობიერად თავის კარგ, პოზიტიურ სახელს დაემსგავსოს. ბავშვს სულ რომ არ უნდოდეს, ის მაინც შენს სახელს დაემსგავსება, რასაც ეძახი. რომ ენდობი ბავშვს, ის უფრო და უფრო კარგად მოიქცევა, რომ ისევ შენი ნდობა დაიმსახუროს.“

„ხშირად არის, რომ მშობლები არ ენდობიან ბავშვებს, ამით პროვოცირებას უკეთებენ, რომ რაღაც ცუდი გამოიწვიონ. აუცილებელია, რომ ვენდოთ ბავშვს, რადგან უნდობლობა არის დიდი ტრავმა ბავშვისთვის. თვითონაც უჭირს მერე მას სხვების ნდობა. ​ნდობით ძალიან ვეხმარებით ბავშვს, რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ჩვენ მას ვასწავლით, რომ შეუძლია ენდოს სხვა ადამიანს, თავის თავს, სამყაროს და ღმერთს. თუ მას ნდობა ბავშვობაში არ აქვს ნასწავლი, ის დაოჯახების მერე ვერ ენდობა თავის მეორე ნახევარს. ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება შეუძლებელი და გაუსაძლისია. ეს სიტყვები უნდა გაიგონოს ბავშვმა მშობლისგან: „მე მჯერა შენი!“ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სამყარო მშვენიერი ადგილია. ამის რომ გჯეროდეს, საფუძველი უნდა ჩაიყაროს ბავშვობაში. ეს ხდება მეგობრული დამოკიდებულებით. შენ ოჯახში დაბადებიდან გქონდა მეგობრული დამოკიდებულება მშობლებისგან. რომ იზრდები, შენთვის სამყარო აღქმაში არის მეგობრული. თუ შენ სამყაროს აღიქვამ მტრულად, აუცილებლად მიიღებ მტრობას. შენ რასაც ასხივებ, მხოლოდ იმას იღებ სამყაროსგან,“ - აღნიშნავს ნინო კანდელაკი

წყარო: ​ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად

წაიკითხეთ სრულად