Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელი უნდა შეყოვნდეს ამ გამოცდილებასთან და თქვას, რომ მისი შვილი ცუდად არის,” - ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი „შაბათ-კვირის დილაში“ დისტანციური სწავლებისა და მუშაობის დადებითი მხარეების შესახებ საუბრობს:

„თავისუფლდება დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე ვიზრუნოთ, ოჯახში ვისაუბროთ რთულ საკითხებზე, რომლებსაც ადრე თავს ვარიდებდით. ეს არის, რაც ამ კრიზისმა მოიტანა. ჩვენ უფრო გულწრფელები ვხდებით. გიწევს ილაპარაკო ისეთ თემებზე, რომლებზეც არ ლაპარაკობდი, რისიც გეშინოდა. ჩვენ ახლა უფრო ღია, გახსნილი გონებით ვსაუბრობთ გამოწვევებზე.“

ნინო მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მშობლებმა რეალობა დაინახონ და პრობლემები შვილებთან ერთად გადაჭრან:

„ძალიან ბევრი მშობელი გამოდის და ამბობს, რომ არ უნდა დისტანციური სწავლება. არიან მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ იყოს დისტანციური სწავლება, რადგან ეშინიათ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრად პრივილეგირებულები არიან, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, არც ძიძა ჰყავთ, არც დამხმარე, მარტოები არიან, სახლიდან მუშაობენ. ეს უნდა ვთქვათ, ეს უნდა ვთქვათ ჩვენს შვილებთანაც. მთავარია, ვიყოთ გულწრფელები. ბავშვს ისიც უნდა უთხრათ, რომ დაბნეული ხართ. უთხარით ბავშვს: „დე, რა რთული სიტუაციაა, მეც უნდა ვიმუშაო, შენც უნდა იმუშაო. შენ რომ დახმარება გჭირდება, მე მეფანტება ყურადღება, იმიტომ, რომ ვმუშაობ და რა გავაკეთო?“ ასეთი რთული საუბრები მნიშვნელოვანია. საღამოს ამისთვის დრო გამოყავით. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ ერთმანეთს. ყველანი ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ადრე თუ იყო პროტესტი, რომ სკოლა როგორია, მასწავლებლები როგორები არიან, ან მასწავლებლები თუ ამბობდნენ, ეს ბავშვები როგორ იქცევიანო, ახლა ყველა ვხვდებით, რომ ყველას დახმარება გვჭირდება.“

ნინო მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვებს უნივერსალური უნარების განვითარებაში უნდა დავეხმაროთ:

„ჩვენი მიზანია, ბავშვებს განვუვითაროთ უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც უნივერსალურია. ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ ის ახალ წინაღობებს უნდა შეეჭიდოს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რა უნდა გააკეთოს, როდესაც თავს გრძნობს არაკომფორტულად. როდესაც მასწავლებელი გაბრაზდა და ზუმში ოთახიდან გავიდა, უნდა დავაფიქროთ ბავშვი იმაზე, თუ რატომ მოხდა ასე. მას უნდა დავანახოთ ყველაფერი სხვისი პერსპექტივიდან. რაც უფრო ობიექტურები ვიქნებით, მით უფრო მეტს დაინახავს ბავშვი. რატომ გავიდა მასწავლებელი? ბავშვს უნდა დავანახოთ მასწავლებლის მდგომარეობის სირთულეც. მშობელი მუშაობს წარმოსახვაზე და ბავშვს ცნობისმოყვარეს ხდის. ბავშვმა უნდა ისწავლოს ემპათია, სხვისი გრძნობების განცდა, სხვების პერსპექტივის დანახვა.“

ნინო მარგველაშვილის თქმით, დახმარების თხოვნა ნორმალურია და მშობლებს ამის არ უნდა რცხვენოდეთ:

„ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს დახმარების თხოვნა. მშობლებს გვგონია, რომ რადგან მშობლები და ზრდასრულები ვართ, ყველაფერი ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ. ძალიან ნორმალურია, რომ არ ვიცოდეთ ბევრი რამ, მასწავლებელს ვკითხოთ რაღაცები. შეგვიძლია ბავშვს დავარეკინოთ მასწავლებელთან, რომ კავშირი შედგეს და აღდგეს. კავშირის აღდგენა ენთუზიაზმსაც ზრდის და სასიამოვნოცაა. ბავშვმა იცის, რომ ის მასწავლებლისთვის საინტერესოა, რომ მასწავლებელი მას ხედავს. ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცნენ, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა.“

ნინო მარგველაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მთავარია, მშობელმა ბავშვს გაუგოს და მისი მდგომარეობა დაინახოს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, შენ რომ გესმის შენი შვილის. ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ ეს ყველაფერი, არამედ დავრჩეთ უსიამოვნო, დისკომფორტის განცდებთან. „ჩემი შვილი იმედგაცრუებულია, ჩემს შვილს მოტივაცია აქვს დაკარგული,“ - ეს უნდა აღიაროთ და უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არ მოგწონთ. მშობელი უნდა შეყოვნდეს ამ გამოცდილებასთან და თქვას, რომ მისი შვილი ცუდად არის და ისიც ღელავს ამის გამო. ამის შემდეგ ის უნდა მივიდეს ბავშვთან და უთხრას, რომ ესმის მისი, იცის, რომ მას არ უნდა დისტანციურ გაკვეთილზე დასწრება. ამით ბავშვს აგრძნობინებთ, რომ თქვენ მას ხედავთ. მთავარია, შვილს აგრძნობინოთ, რომ მისი განცდები დროებითია და ნაწილია მისი მთლიანობის. მან უნდა იცოდეს, რომ ეს ემოციები მიდის და მოდის. უთხარით ბავშვს: „ვიცი, იმედგაცრუებული ხარ, გუშინ რომ ხელის აწევა გინდოდა, მასწავლებელმა ვერ დაგინახა და ამიტომ.“ ამის შემდეგ დაელოდეთ, რას აკეთებს ბავშვი. ჩვენი მიზანია, ჩვენს შვილებს დავანახოთ, რომ ვხედავთ მათ ტკივილს და ვუთხრათ, რომ ეს დროებითია. ბავშვს ვეუბნებით, რომ კი, რთულია, მაგრამ ბოლოში სინათლე არის.“

„გასარკვევია, რატომ არ უნდა ბავშვს ონლაინ გაკვეთილზე შესვლა, რა პრობლემები აქვს, რა ღირებულებები აქვს მშობელს. თუ ბავშვი ისტერიკაშია, უთხარით, რომ პირველ გაკვეთილზე არ შევა. ბავშვს უნდა, რომ დისკომფორტს გაექცეს. ეს ბუნებრივი რეაქციაა. ჩემი მიზანია, ჩემს შვილს გამოვურთო განგაშის ზარი ჩემი ჩახუტებით, მუსიკით, მზის შუქით, რომ მისი ორგანიზმი დამშვიდდეს. უნდა ვუთხრათ ბავშვს: „ვიცი, რომ არ გინდა, დე. მე შენს გვერდით ვარ.“ როდესაც ორგანიზმი მშვიდდება, მერე ირთვება ის ნაწილი, სადაც აზროვნება შეგიძლიათ. ამის შემდეგ ვეკითხებით ბავშვს, რით დავეხმაროთ, რომ გაკვეთილზე უკეთ იგრძნოს თავი. თუ მას იდეები არ მოსდის, ჩვენ უნდა მივაწოდოთ. უთხარით ბავშვს: „ხომ არ გინდა, შენი საყვარელი სათამაშო დაგიდო აქ ან სამზარეულოს მაგიდასთან გადაჯდე?“ გამოსავალი არსებობს. ბავშვი ამას ვერ ხედავს, იმიტომ, რომ ეშინია. ბავშვს მასწავლებელთან გასაუბრება შესთავაზეთ. თუ გეტყვით, რომ რცხვენია, ამ თემაზე ესაუბრეთ. გაარკვიეთ, რატომ რცხვენია მას მასწავლებლის. დისკუსიით უფრო და უფრო სიღრმეში ჩადიხართ. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ რაც უნდა ჩიხში იყოს, სხვასთან ერთად გამოსავალს იპოვის ისე, რომ ორივე მოგებული დარჩეს,“ - აღნიშნავს ნინო მარგველაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად