Baby Bag

როგორი უნდა იყოს მამა? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მამებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მამებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და შვილის აღზრდაში მამის როლის შესახებ ისაუბრა:

„მამა, რასაკვირველია, უნდა იყოს ცოტათი ბრძენი მაინც. შეიძლება ბევრი სიბრძნე ვერ შეიძინოს, მაგრამ შვილს რაღაცნაირად გზა გაუკვალოს. მამას უნდა უხაროდეს, რომ შვილი წავიდა წინ, გაასწრო შვილმა. თუ შვილი იქცევა არასწორად, ხანდახან მამაც იქცევა არასწორად. თუ მამამ უნდა დაარიგოს შვილი, მივცეთ უფლება, რომ შვილმაც უთხრას რაღაც მამას. მეც ბევრჯერ დავურიგებივარ პაატას და მეც რაღაცები მირჩევია მისთვის. რჩევები უნდა მისცეს მამამ, თითის ქნევით კი არ უნდა უთხრას, რომ ეს მეორედ აღარ გაბედოო. ახალგაზრდას აქვს ყველაფრის გაბედვის უფლება, მე არ მაქვს ყველაფრის აკრძალვის უფლება. რომც ავუკრძალო, ვერ ავუკრძალავ. ამიტომ მეგობრობაში ვთხოვ: „თუ შეიძლება, ჩემო შვილო, არ გააკეთო რა ეს.

თუ მამა შვილს არ ენდობა, თუ დედა შვილს არ ენდობა, აღზრდის ხერხემალი ტყდება. უნდობლობაში ბავშვს სანდო სიტყვას ვერ ეტყვი. შენ თუ უნდობლობას უცხადებ ბავშვს, ისიც უნდობლად გიყურებს.

ყველა ვართ თავისუფლების გარეშე, მაგრამ დავეძებთ თავისუფლებას. თავისუფლება განისაზღვრება მხოლოდ სულში და არჩევის პირობებში, როდესაც 100 რაღაც არის, ან 2 რაღაც არის და მე ერთი უნდა ავირჩიო. კი არ მაძალებს მამა, დედა ან ვიღაც. ბავშვს ეს არჩევანის განცდა უნდა მისცე. მშობელი უნდა იყოს თავის ნებისყოფაში შეკრული, რა უნდა ბავშვისგან. რაც უნდა ბავშვისგან მიიღოს, ის თვითონ უნდა განასახიეროს. ბავშვს საჭმელები მოუტანა, თუ მანქანები უყიდა, ეს არაფერი არ არის. მთავარია რა ზნეობას, რა კულტურას უჩვენებს, როგორ მეგობრობას, როგორ სამშობლოს სიყვარულს უჩვენებს ბავშვს.

ემოციებს არჩევა უნდა. არის დადებითი და უარყოფითი ემოციები. ჩხუბიც ემოციაა, ღრიალიც ემოციაა, რისხვაც ემოციაა, გაღიზიანებაც ემოციაა. ეს ისეთი ემოციაა, რომელიც არყევს ყველაფერს, აგურს აგურზე არ აყენებს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რკინიანი ბიუსჰალტერის ტარება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი გახდეს,“ - ლევან რატიანის რეკომენდაცია ქალბატონებს

„რკინიანი ბიუსჰალტერის ტარება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი გახდეს,“ - ლევან რატიანის რეკომენდაცია ქალბატონებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერის გამოყენების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცუდად შერჩეული ბიუსჰალტერი უამრავი დაავადების მაპროვოცირებელი ხდება:

„არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი, შესაძლოა, უამრავი დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. მან შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი.

ქალბატონებმა უნდა ატარონ ბიუსჰალტერი, რომელიც არის რკინის გარეშე. რკინა მექანიკურად აწვება მკერდს, განსაკუთრებით გარეთა ზედა კვადრატში. ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს მკერდის კიბოს განვითარების.“

გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა ისეთი ტანსაცმლის მავნე მხარეებზეც ისაუბრეს, რომელსაც ნიკელის დეტალები აქვს:

„ნიკელმა კანთან შეხებისას ადამიანს, შესაძლოა, მისცეს ალერგიული რეაქცია. ნიკელზე ალერგია კანის ალერგიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. შეიძლება ამ დროს იყოს ქავილის შეგრძნება. ვისაც აქვს ალერგია მეტალებზე, მსგავსმა ტანსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს კანთან შეხების დროს ალერგიული რეაქცია, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ ჩავიცვათ ასეთი ტიპის ტანსაცმელი.“

წყარო:​ „ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად