Baby Bag

როგორი უნდა იყოს მამა? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მამებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მამებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და შვილის აღზრდაში მამის როლის შესახებ ისაუბრა:

„მამა, რასაკვირველია, უნდა იყოს ცოტათი ბრძენი მაინც. შეიძლება ბევრი სიბრძნე ვერ შეიძინოს, მაგრამ შვილს რაღაცნაირად გზა გაუკვალოს. მამას უნდა უხაროდეს, რომ შვილი წავიდა წინ, გაასწრო შვილმა. თუ შვილი იქცევა არასწორად, ხანდახან მამაც იქცევა არასწორად. თუ მამამ უნდა დაარიგოს შვილი, მივცეთ უფლება, რომ შვილმაც უთხრას რაღაც მამას. მეც ბევრჯერ დავურიგებივარ პაატას და მეც რაღაცები მირჩევია მისთვის. რჩევები უნდა მისცეს მამამ, თითის ქნევით კი არ უნდა უთხრას, რომ ეს მეორედ აღარ გაბედოო. ახალგაზრდას აქვს ყველაფრის გაბედვის უფლება, მე არ მაქვს ყველაფრის აკრძალვის უფლება. რომც ავუკრძალო, ვერ ავუკრძალავ. ამიტომ მეგობრობაში ვთხოვ: „თუ შეიძლება, ჩემო შვილო, არ გააკეთო რა ეს.

თუ მამა შვილს არ ენდობა, თუ დედა შვილს არ ენდობა, აღზრდის ხერხემალი ტყდება. უნდობლობაში ბავშვს სანდო სიტყვას ვერ ეტყვი. შენ თუ უნდობლობას უცხადებ ბავშვს, ისიც უნდობლად გიყურებს.

ყველა ვართ თავისუფლების გარეშე, მაგრამ დავეძებთ თავისუფლებას. თავისუფლება განისაზღვრება მხოლოდ სულში და არჩევის პირობებში, როდესაც 100 რაღაც არის, ან 2 რაღაც არის და მე ერთი უნდა ავირჩიო. კი არ მაძალებს მამა, დედა ან ვიღაც. ბავშვს ეს არჩევანის განცდა უნდა მისცე. მშობელი უნდა იყოს თავის ნებისყოფაში შეკრული, რა უნდა ბავშვისგან. რაც უნდა ბავშვისგან მიიღოს, ის თვითონ უნდა განასახიეროს. ბავშვს საჭმელები მოუტანა, თუ მანქანები უყიდა, ეს არაფერი არ არის. მთავარია რა ზნეობას, რა კულტურას უჩვენებს, როგორ მეგობრობას, როგორ სამშობლოს სიყვარულს უჩვენებს ბავშვს.

ემოციებს არჩევა უნდა. არის დადებითი და უარყოფითი ემოციები. ჩხუბიც ემოციაა, ღრიალიც ემოციაა, რისხვაც ემოციაა, გაღიზიანებაც ემოციაა. ეს ისეთი ემოციაა, რომელიც არყევს ყველაფერს, აგურს აგურზე არ აყენებს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს?

„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს?

„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს? - თემაზე ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა. 

მისი თქმით, ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ: 

„ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ - „შენგან არაფერი გამოვა“, „შენთან საუბარს აზრი არ აქვს“, „გაიზრდები და ნახავ“, -  მუდმივი ბრალდებებია ბავშვის მიმართ. სიტყვას, ლინგვისტურ ველს ძალიან დიდი ძალა აქვს. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვეუბნებით, ვიდრე რას ვეუბნებით, რადგან შეიძლება ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და ისე დაანგრიო, რომ მას ძალიან გაუჭირდეს შემდგომში რეაბილიტაცია. შეიძლება ბავშვობაში მიყენებულ შეურაცხყოფაზე, თუნდაც ყვირილზე, ზრდასრულ ასაკში ჰქონდეს ისეთი სომატური რეაქციები, რომ ვერც აკავშირებდეს, საიდან მოდის ეს,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ. 

წყარო: ,,დილა მშვიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად