Baby Bag

„დედის ყვირილი ბოროტებაა, გაღიზიანება ბოროტებაა... ამ ბოროტებაში გაზრდილ ბავშვს ფესვები გაუფუჭდება,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, რომ დასჯა არ გამოიყენონ ბავშვის აღზრდის მეთოდად:

„რა არის დასჯა საერთოდ? ბავშვი ჩვენს ნორმებში არ მოექცა და იმის გამო, რომ მან გააცნობიეროს ეს, მას რაღაც უფლებებს ვართმევთ. არ გავუშვი ბავშვი სასეირნოდ, არ ვუყიდე ნაყინი. გაბრაზებული ვარ ამ დროს. კუთხეში დავაყენე, შეიძლება გავულაწუნე კიდეც. თუ ვინმე გონიერი ადამიანი ამაში აღზრდის ნატამალს ხედავს, გააგრძელოს ეს საქმე. რა ხდება კუთხეში დამდგარი ბავშვის თავში ამ დროს?! ერთხელ აეროპორტში დიდხანს მოგვიხდა ცდა. 3 წლის გოგო მამას ჰყავდა დაყენებული კუთხეში და უყვიროდა: არ გამოხვალ, ვიდრე არ მიხვდები, რა გააკეთე! რაგვარად მიხვდეს 3 წლის ბავშვი, რა გააკეთა ამისთანა. არადა ეხვეწება დედას, გამომიშვი, მაპატიეთო და მამა სჯის. ამას რა დავარქვა მე? იტყვის მამა, რომ მე ბავშვი მიყვარსო? არ უყვარს! დედა, რომელიც არ ეხმარება ბავშვს, იტყვის მიყვარსო? არ შეიძლება სიყვარულის შეწყვეტა!

შეურაცხყოფა, დამცირებაა დასჯა. ამ პირობებში ის სანუკვარი პროცესი, რასაც აღზრდა ჰქვია, აღარ არსებობს. ისიც იმსხვრევა, რასაც მივაღწიე. დასჯა არ არის აღზრდის მეთოდი. ბავშვი სიყვარულში უნდა გაზარდო, რომ მოსიყვარულე გაგიხდეს. ბავშვი კი არ უნდა დასაჯო, სინდისთან უნდა მიიყვანო, რომ იმან თავისი თავი თუ უნდა თვითონ დასაჯოს. თვითონ ვკითხოთ, შეაფასე რაც მოხდა, როგორც მოხდა, ის გააკეთე რაც საჭიროა. თვითაღზრდამდე მივიყვანოთ ბავშვი, თვითგანცდამდე, რომ რატომ გავაკეთე მე ეს.

დაანებეთ ამ დასჯას თავი. თუ დასჯა გინდათ ბავშვისა, ჯერ თქვენ დადექით კუთხეში და საკუთარი თავი დასაჯეთ. განა ცოტა გაქვთ ჩადენილი დანაშაული?! ერთმა ბავშვმა ინატრა, იქნებ ისეთი შენობები ააშენოთ, რომ კუთხე არ ჰქონდეს ამ შენობებსო, რადგან მშობლები სულ კუთხეში მაყენებენო. ხომ ყველამ იცით, რომ მშობლის მაგალითი აღზრდის ძალაა. მიეცით ეს მაგალითები. დასჯას მისცემთ, დაგსჯით მერე შვილი თქვენ. დედის ყვირილი ბოროტებაა, გაღიზიანება ბოროტებაა. ამ ბოროტებაში გაზრდილ ბავშვს, თუ ბებიამ, ბიძამ, მასწავლებელმა არ გადაარჩინა, ფესვები გაუფუჭდება. სიტყვა დასჯა პედაგოგიკაში არ უნდა არსებობდეს. ბავშვი რაღაც ცუდს აკეთებს? მე შემიძლია ავუხსნა მას, რა მოჰყვება ამას. 3-5 წლის ბავშვი დამიჯდება და მომისმენს, თუ წყნარად ველაპარაკები. ის იფიქრებს ამაზე, შეწუხდება, შეიძლება იტიროს. უთხარით ბავშვს: „დაჯექი სავარძელში და დაფიქრდი, კარგი იყო ეს ქცევა, თუ არ იყო კარგი, განსაჯე ეს თვითონ.“ ხომ შეწუხდება ბავშვი? ეს წუხილი არის თვითდასჯა. სიტყვა დასჯა ამოვაგდოთ ხმარებიდან და არცერთი დედა და მამა არ შემეკამათოს, აბა როგორ სხვანაირადო. თუ არზრდაზე მკითხავთ ასეა და თუ მკითხავთ, როგორ დავამშვიდო ბავშვი, როდესაც ყველაფერს ანგრევსო, მაშინ დაუყვირე, დამშვიდდება და შენც მშვიდად იქნები, მაგრამ ამას რა დავარქვა, არ ვიცი,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად