Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს ვარჯიშები ყველა დედამ ჩვილს აუცილებლად უნდა ჩაუტაროს - ფიზიკური თერაპევტის მაია ხვიჩიას რჩევები მშობლებს

ეს ვარჯიშები ყველა დედამ ჩვილს აუცილებლად უნდა ჩაუტაროს - ფიზიკური თერაპევტის მაია ხვიჩიას რჩევები მშობლებს

ფიზიკურმა თერაპევტმა მაია ხვიჩიამ მშობლებს ბავშვისთვის სასარგებლო საინტერესო ვარჯიშები გააცნო, რომლის შესრულება სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი:

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვილებს ხშირად აწუხებთ მუცლის შებერილობა და ეს ვარჯიში ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარება. ტერფების დამუშავება შეგვიძლია ნაზი ხელსმით გავაკეთოთ. აუცილებლად ვეფერებით ჩვენს შვილს. ერთი, რაც არ შეიძლება, შიდა ზედაპირებზე არ ვეხებით. მხოლოდ გარედან ვაკეთებთ მასაჟს. ყველა მშობელი ამბობს, რომ მასაჟის მერე გადასარევად სძინავს ბავშვს.“

მაია ხვიჩიას თქმით, მასაჟი კანის სიმშრალის წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანი საშუალებაა:

„ახლა ძალიან ხშირია კანის სიმშრალე ბავშვებში და ათას დამატენიანებელ საშუალებას ვხმარობთ, მასაჟი საოცრად კარგად მოქმედებს, იმიტომ, რომ ცხიმქვეშა ქსოვილზე ვმოქმედებთ და ეს იწვევს კანის დატენიანებას.“

„მშობლებს შეუძლიათ ბურთის შეძენა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ბურთზე ვარჯიში. ბაყაყის პოზაში ვაჯენთ ბავშვს ბურთზე. ვაკეთებთ ცურვის იმიტაციას. სამი თვიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვი ბურთზე ავარჯიშოთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ხვიჩიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად