Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასე არაფრით არ შეიძლება ბავშვების დაშინება, საშინელებაა ეს,“ - თამარ გაგოშიძე ბავშვებში კოვიდით გამოწვეულ სტრესზე

„ასე არაფრით არ შეიძლება ბავშვების დაშინება, საშინელებაა ეს,“ - თამარ გაგოშიძე  ბავშვებში კოვიდით გამოწვეულ სტრესზე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვის დაშინების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთან საუბრისას ლინგვისტიკის კონტროლი აუცილებელია:

​როდესაც მშობელი თავისდაუნებურად აშინებს ბავშვს, თვითონ არის პანიკაში და ბავშვს ეუბნება: „ხელი ამას არ მოკიდო, ხელი იმას არ მოკიდო,“ ეს არ შეიძლება. ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ. ამ კონტროლის ზომა უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რისი გაკონტროლება შეგვიძლია. რასაც ვერ გავაკონტროლებთ, უნდა დავივიწყოთ.“

​თამარ გაგოშიძის თქმით, სტრესის შესამცირებლად ჩვენი რესურსები და გარემოს მოთხოვნები უნდა დავაბალანსოთ:

„გარემოს მოთხოვნები და ჩვენი რესურსები უნდა დავაბალანსოთ. მაშინ აღარ გვექნება ასეთი სტრესული მდგომარეობა. თუ ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე, რისი გაკონტროლება შეგვიძლია და რისი არა, ასეთი არც შფოთვა გვექნება და არც სტრესული განცდა. მე, როგორც უფროსი, თუ ასე შევაშინებ ბავშვს, თუ სულ ვუმეორებ, რომ თუ ხელი არ დავიბანეთ, აგერ ბებოს გადაედება, ბებო მოკვდება, საშინელებაა ეს.“

„ბავშვს შფოთვა ეწევა, სიკვდილის შიში მოდის, მით უმეტეს, ექვს წლამდე ასაკში ეს ძალიან ხშირია ისედაც, ყოველგვარი კორონას გარეშე. ამ ასაკში წარმოსახვა ვითარდება და ეს ძალიან ბუნებრივია. ასე არაფრით არ შეიძლება ბავშვების დაშინება. მერე შეიძლება იყოს ღამის შიშები, კოშმარები, ზოგადად შიშები, სიკვდილის შიში. ამას უკვე მერე სპეციალისტი სჭირდება. „არ შეჭამ საჭმელს, დასუსტდები და კორონა დაგემართება,“ - ასეთი შეშინებები არ გვჭირდება. ​ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, რას ვეუბნებით ბავშვებს. ისინი სენსიტიურები არიან. მესამე ოთახში რომ ლაპარაკობდე, იმან იცის, რაზე ილაპარაკე. ბავშვებთან უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ლინგვისტიკა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად