Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზედმეტი ვითომ მეცადინეობით შეიძლება გადავღალოთ და გამოვფიტოთ ბავშვი მშობლებმა,“ - თემურ მიქელაძე

„ზედმეტი ვითომ მეცადინეობით შეიძლება გადავღალოთ და გამოვფიტოთ ბავშვი მშობლებმა,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მოზარდებში ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლენის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სისუსტესა და გადაღლას ბავშვებში არასწორი დღის რეჟიმი იწვევს:

„ბავშვები გახდნენ უკვე ეკრანდამოკიდებულები. თუ გამოიძინებს ჯანმრთელი ადამიანი 7-9 საათის განმავლობაში, მეორე დღეს ჩვეულებრივი ენერგიით აღდგება ყველაფერი. თუ მოზრდილებზე ვალაპრაკობდით ჩვენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე, სამწუხაროდ, ბავშვები გაჯეტდამოკიდებულების დროს, როდესაც ჩაბნელებულ სივრცეში იყენებენ მას, ​დილას იღვიძებენ გამოუძინებლები. ბავშვი დილით საკვებს ვეღარ იღებს.“

თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვებს ყველაზე ხსირად სისუსტე და ადვილად გადაღლა აწუხებთ:

„მე წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვი სკოლაში ერთი დანიშნულების ადგილიდან 15 კილომეტრით გადაადგილდებოდეს. როდესაც სკოლის ავტობუსებით დადიან ბავშვები შორ მანძილზე სკოლაში, საკმაოდ ხშირად თვლემენ. შემდეგ ამ სიმტომებით მოდის მშობელი, რომ ბავშვს აქვს საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. ​ეს მოგვარებადია იმ შემთხვევაში, თუ სწორად წარვმართავთ ბავშვის დღის რეჟიმს. ეს არის ძირითადი სუბიექტური ჩივილი, რომელიც ღრმა ჩაკითხვით და ანამნეზის სწორად შეკრებით შეიძლება ელემენტარულად მოვაგვაროთ.“

„ბავშვები სხვადასხვა წრეზე დადიან, სხვადასხვა მასწავლებელთან. სკოლას დაამთავრებს ბავშვი გახანგრძლივებულით ოთხ საათზე, შემდეგ არის ინგლისური, მათემატიკა, ისტორია, ხუთი საგანი კიდევ დამატებით. არის დატვირთული რეჟიმი. არ შეიძლება, რომ მეხუთე-მეექვსე კლასელი ბავშვი ამით დავტვირთოთ. ჩვენ მივიღებთ გამოფიტვას, ​ეს დაუკავშირდება საერთო სისუსტეს, დაღლილობას. სულ ვამბობ, რომ თუ ადრე ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე ვსაუბრობდით 18 წლის შემდგომ, უკვე თინეიჯერულ ასაკშიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. შეიძლება ჩვენს გადავღალოთ მშობლებმა ზედმეტი ვითომ მეცადინეობით, გამოვფიტოთ ბავშვი ან თვითონ ამ ეკრანდამოკიდებულებით გადაიღალონ ბავშვები,“ - აღნიშნულ საკითხებე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად