Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი დაბადებიდან არის პიროვნება, რომელსაც თავისი პირადი საზღვრები თანდათან უყალიბდება,“ - ფსიქოთერაპევტი ნინო ნიბლაძე

„ბავშვი დაბადებიდან არის პიროვნება, რომელსაც თავისი პირადი საზღვრები თანდათან უყალიბდება,“ - ფსიქოთერაპევტი ნინო ნიბლაძე

ფსიქოთერაპევტი ნინო ნიბლაძე მოზარდებსა და მშობლებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, სირთულეების გამომწვევი ხშირად მშობლების მხრიდან ჭარბი კონტროლია:

„მშობელი ცდილობს ისევ მორჩილებაში ჰყავდეს ბავშვი. მისი აზრით, მისი კონტროლის და ზედამხედველობის ქვეშ უნდა ხდებოდეს ყველაფერი. ​ეს საქართველოში მუდმივად გრძელდება. ამას ასაკობრივი ზღვარი არ აქვს. ბავშვი დაბადებიდან არის პიროვნება, რომელსაც თავისი პირადი საზღვრები თანდათან უყალიბდება. ამაში უნდა დავეხმაროთ ჩვენ. ჩვენ არ უნდა დავუზიანოთ ეს საზღვრები, მუდმივად შეჭრა ხდება, როდესაც სულ აკონტროლებ. როდესაც გარდატეხის ასაკი იწყება, ავტონომიურობისკენ ხდება სწრაფვა. ის ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, მისი მოთხოვნილებები იცვლება.“

ნინო ნიბლაძე სამ ფაზას აღწერს, რომელსაც ბავშვი განვითარების გზაზე გაივლის:

„სამ ფაზას გადის ბავშვი. ​თავიდან არის შერწყმის ფაზა მშობელთან. მისი მოთხოვნილება არის სიყვარული, ჩახუტება, მოფერება. მეორე არის დიფერენციაციის ფაზა. მისი მოთხოვნილება უკვე არის ინტელექტუალური. ჩვენც უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ოდესღაც ისინი დაგვეწევიან და გაგვასწრებენ კიდევაც. ეს უნდა ვაღიაროთ. მშობელი ამას თითქმის არ აღიარებს. ის თვლის, რომ რადგან შვილზე უფროსია, მეტი გამოცდილება აქვს, იცის მეტი. ეს არის მისი გამოცდილება, მისი ცხოვრება. მის გამოცდილებაში სრულიად სხვა ადამიანები იყვნენ, სრულიად სხვა დროში. მშობელი უნდა იყოს ჰორიზონტალურ ურთიერთობაში შვილთან, არა - ვერტიკალურში.“

ნინო ნიბლაძის თქმით, როდესაც მშობელი ბავშვს აიძულებს, რომ მან მხოლოდ მას უსმინოს და უპირობოდ მიიღოს მისი რჩევები, ამით ის შვილს ცუდ მაგალითს აძლევს:

„მე - მშობელი ვაიძულებ, რომ მისმინოს და გაიზიაროს ჩემი რჩევები, იმიტომ, რომ მე მაქვს მეტი გამოცდილება. ​როდესაც ამას ვაკეთებ, რას ვაკეთებ რეალურად? რეალურად ზეწოლას ვახდენ მასზე. მე არ ვასწავლი მას მოსმენას. ჩემგან უნდა მიიღოს მოსმენის მაგალითი. მე ვაიძულებ, რომ შენ მომისმინე უპირობოდ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გავაკეთოთ.“

„მე თანდათან ვუშვებ ჩემს შვილს. უცებ კი არ ვუშვებ, ეს გაშვება ხდება თანდათან. ნდობის ხარისხი უკვე იქამდეა, რომ მე მას ვენდობი. როდესაც ის ღამე არ მოდის სახლში, ე.ი. უკვე არის იმ ასაკში, როდესაც პასუხისმგებელია თავის ქცევაზე. სრული პასუხისმგებლობა არის 18 წლის ასაკში, როდესაც ზრდასრული ჰქვია ადამიანს. ჩვენ ვაყალიბებთ მის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. ​ბავშვს უყალიბდება გარკვეული დამოკიდებულება გარკვეული ტიპის ადამიანებისადმი. მე უკვე ვიცი მისი განწყობა ვის მიმართ როგორია. შემთხვევით არ აღმოჩნდებიან ასეთი ადამიანები მის ცხოვრებაში. ვიდრე მართვადია, გარკვეული ჩარჩოები აუცილებელია. უნდა ისწავლოს ბავშვმა პატარაობიდანვე რაღაცაზე „არას“ თქმა,“ - აღნიშნულ თემებზე ნინო ნიბლაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „გამარჯობა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„მაესტრო“

წაიკითხეთ სრულად