Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეც გამომიცდია ეს, როგორც დედას და გეტყვით, რომ აქ კარგია ეშმაკობა,“ - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს ბავშვის კვების რაციონის გასამდიდრებლად

„მეც გამომიცდია ეს, როგორც დედას და გეტყვით, რომ აქ კარგია ეშმაკობა,“ - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს ბავშვის კვების რაციონის გასამდიდრებლად

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მშობლებს ბავშვებისთვის წყლის დღიური დოზის განსაზღვრისთვის მარტივად გამოსათვლელი ფორმულა გააცნო:

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წყლის რაოდენობაზე, ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი გადათვლა, რომელიც არ არის უნივერსალური. თუ სხვა ფორმულები არ ვიცით, კილოგრამ წონაზე 30-35 მილილიტრი გადავთვალოთ, ავწონოთ ადამიანი და გადავთვალოთ. ეს არის ძალიან უხეში მიდგომა, რომელიც ბავშვებისთვის ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ​მით უფრო, თუ ნედლი სახით ხილს და ბოსტნეულს ბავშვი არ იღებს. რატომ არის ეს ასე საყურადღებო? სასიცოცხლოდ მნიშველოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი წყალი უნდა იყოს ჩვენს ორგანიზმში.“

მარი მალაზონიას თქმით, წყლის სათანადო რაოდენობით მიღებაზე ყურადღება განსაკუთრებით მაშინ უნდა გამახვილდეს, როდესაც ბავშვი ხილს და ბოსტნეულს ნედლი სახით არ იღებს:

„თუ ჩვენ სეზონურად ვიღებთ წყლით მდიდარ პროდუქტებს, მაშინ წყლის ცოტა მოხმარება ისეთი საშიში აღარ არის. თუ ბავშვი ნედლი სახით ხილს და ბოსტნეულს არ იღებს, მაშინ ბევრი კითხვა ჩნდება, მაგ. როგორია წვნიანების რაოდენობა,​ სხვა ტიპის საკვები როგორია თავისი შემადგენლობით? საკვებიდან მიღებული წყალი 20 % მაინც უნდა იყოს დღიური მოთხოვნილებისა წყალზე.“

მარი მალაზონია მშობლებს მარტივ ხრიკს უზიარებს, რომლის დახმარებითაც მათ ბავშვის რაციონში ბოსტნეულისა და ხილის ჩართვა გაუადვილდებათ:

„როგორ უნდა შევინარჩუნოთ პროდუქტების ეფექტიანობა, თუ ბავშვი სეზონურ პროდუქტებს არ იღებს? ​პირველ რიგში, აქ კარგია ეშმაკობა. მეც გამომიცდია ეს, როგორც დედას და გეტყვით, რომ ის, რაც უყვარს ბავშვს, მაგ. ხორცპროდუქტები, ეს პროდუქტები ისე გამოიყენეთ, რომ ბავშვის მიერ არჩეული პროდუქტები იყოს დომინანტური და მასთან იყოს შეხამებული ის პროდუქტები, რომლებიც დიდად არ უყვარს.“

„ბოსტნეული ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩართოთ კატლეტში, რომელიც შეიძლება ძალიან უყვარს ბავშვს. გადარჩება ყველა ვიტამინი? არ გადარჩება. მინერალები უფრო მეტად გადარჩება, ვიტამინები ნაკლები რაოდენობით გადარჩება. არის ზოგიერთი ვიტამინი, მაგ. U ვიტამინი, რომელიც კომბოსტოშია, ის თერმული დამუშავების დროს უფრო გადარჩება. სტაფილოში A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებები, კაროტინები, თერმული დამუშავების შემდეგ უფრო კარგად შეითვისება. გული არ დაგწყდეთ, თუ ბავშვს თერმულად დამუშავებულ სტაფილოს აძლევთ ან კომბოსტოს. ​ეს შეიძლება შემოიტანოთ წვნიანებში, სალათებში, რომელიც იქნება ხორცის, მაგრამ მცირე რაოდენობით ბოსტნეული იქნება საკმაზად გამოყენებული. ეს იქნება მცირე რაოდენობით, მაგრამ აუცილებელი და საჭირო პროდუქტები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად