Baby Bag

„მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, არაფრით არ არის ეს საჭირო,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სიჩუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძნული და უგუნური სიჩუმის მახასიათებლები დაასახელა:

„მე ორი სიჩუმე გამოვყავი: ერთი არის ბრძნული სიჩუმე. ჩვენ გვინდა სიმშვიდე, რომ დავისვენოთ, ამიტომ გამოვეყოფით სამყაროს. ეს არის ბრძნული სიჩუმე. გვინდა, რომ მივეცეთ ჩვენს განცდებსა და მოგონებებს. რაღაც გვინდა გავიხსენოთ, ვიღაცას დაველაპარაკოთ სულში, მადლობა ვუთხრათ, რაღაც გავუზიაროთ. სულში დიდი ცხოვრება მიმდინარეობს. სიჩუმეს ზრუნვა სჭირდება. მე ამ ზრუნვით შეიძლება თქვენ კეთილი განცდები და ფიქრები გამოგიგზავნოთ. თუ ოცნებებს არ მივეცი თავი დროდადრო, ჩემი ცხოვრება გაღარიბდება. ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა, სიჩუმე და ლოცვა. ყველაზე კარგი ლოცვა მაშინ არის, როდესაც განყენდები ყველაფრისგან, აღარაფერი გაწუხებს. დახუჭე თვალები, ახედე ცას და თქვი, რაც გინდა. ეს სიტყვა მაღლა წავა. ბრძნული სიჩუმის ნიშანია, რომ მე სხვათა სიჩუმეს გავუფრთხილდე. შეიძლება მე ხმაური მინდა, მაგრამ აგერ მეუღლე ისვენებს, ვიღაცას სჭირდება, რომ რაღაცაში ჩაფიქრდეს. არ უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან.

რა არის უგუნური სიჩუმე? ზოგჯერ დაბოღმილი, განაწყენებული კაცი ჩაიგუბებს პირში წყალს, გაჩუმდება, განდგება, არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ შიგნით იწვის. შიგნით ბოღმა ტრიალებს და ეს დამანგრეველი სიჩუმეა. მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, რა არის ეს სიჩუმე? არაფრით არ არის საჭირო. უნდა ვისწავლოთ ბრძნული სიჩუმეები. მე მიყვარდა ხოლმე სახლში ხმაურით მოსვლა. ჩემი მეუღლე ზოგჯერ მეტყოდა: „რატომ ხმაურობ? მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ ხანდახან უნდა ვიხმაუროთ კიდეც, ხალისიანი ხმაურით, როდესაც ბავშვებთან ვცელქობთ. ზოგჯერ გრძნობებს ვერ შეიკავებ, დაგაყვირებენ გრძნობები, ხმამაღლა გათქმევინებენ რაღაცას. მინდა, გირჩიოთ ახალგაზრდებს ჩემი მეუღლისგან: „მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ მეც ჩუმად ვესაუბრებოდი მას, მოდი, ეს გავაკეთოთ, მოდი, ახლა ასე მოვიქცეთ. ერთმანეთისა გვესმოდა, გვქონდა უსიტყვო საუბარი, ფიქრით საუბარი, გულით საუბარი. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის და გვინარჩუნებს ჰარმონიას ცხოვრებასთან,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა თქმა უნდა, იმუნიტეტი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული,“- ფსიქიატრი რეზო კორინთელი

„რა თქმა უნდა, იმუნიტეტი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული,“- ფსიქიატრი რეზო კორინთელი

ფსიქიატრმა რეზო კორინთელმა იმუნიტეტზე ფსიქიკური მდგომარეობის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„რა არის ეს იმუნიტეტი? ეს იმუნიტეტი არის ის, რომ ზოგს ჯანმრთელი სხეული აქვს და ზოგს სუსტი? რამდენად არის იმუნიტეტი დაკავშირებული ფსიქიკურ მდგომარეობასთან? რა თქმა უნდა, ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ადამიანი, რომელიც შიშს არ აჰყვება, გონივრულად მოიქცევა, მისი იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია. ფსიქიკური მდგომარეობა განაპირობებს ჩვენი სხეულის მდგომარეობასაც. როდესაც ადამიანი მშვიდად არის, ის არ ეძლევა უარყოფითი აზრების ზეგავლენას. ბლოკავს ამას. უარყოფითი აზრი არის, რომ რაღაც ცუდი ხდება და შენ არაფერი არ გეშველება. ზოგი გეუბნება: „მალავენ, არ ამბობენ.“ უნდობლობის ვირუსს ავრცელებენ.

მაგალითად, იყო ასეთი მარშალი, ექიმი, რომელიც იყენებდა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებში ჯგუფურ თერაპიას. დისკუსიას აწყობდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს პაციენტები, ესაუბრებოდნენ, ვინ რა გააკეთა. ვინც ჯგუფს ესრებოდა, მათში ტუბერკულოზისგან განკურნებული პაციენტის რიცხვმა სამჯერ მოიმატა. ის აკონტროლებდა დადებით აურას, დადებით ატმოსფეროს ავადმყოფებს შორის. ფსიქიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“- აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად