Baby Bag

„მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, არაფრით არ არის ეს საჭირო,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სიჩუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძნული და უგუნური სიჩუმის მახასიათებლები დაასახელა:

„მე ორი სიჩუმე გამოვყავი: ერთი არის ბრძნული სიჩუმე. ჩვენ გვინდა სიმშვიდე, რომ დავისვენოთ, ამიტომ გამოვეყოფით სამყაროს. ეს არის ბრძნული სიჩუმე. გვინდა, რომ მივეცეთ ჩვენს განცდებსა და მოგონებებს. რაღაც გვინდა გავიხსენოთ, ვიღაცას დაველაპარაკოთ სულში, მადლობა ვუთხრათ, რაღაც გავუზიაროთ. სულში დიდი ცხოვრება მიმდინარეობს. სიჩუმეს ზრუნვა სჭირდება. მე ამ ზრუნვით შეიძლება თქვენ კეთილი განცდები და ფიქრები გამოგიგზავნოთ. თუ ოცნებებს არ მივეცი თავი დროდადრო, ჩემი ცხოვრება გაღარიბდება. ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა, სიჩუმე და ლოცვა. ყველაზე კარგი ლოცვა მაშინ არის, როდესაც განყენდები ყველაფრისგან, აღარაფერი გაწუხებს. დახუჭე თვალები, ახედე ცას და თქვი, რაც გინდა. ეს სიტყვა მაღლა წავა. ბრძნული სიჩუმის ნიშანია, რომ მე სხვათა სიჩუმეს გავუფრთხილდე. შეიძლება მე ხმაური მინდა, მაგრამ აგერ მეუღლე ისვენებს, ვიღაცას სჭირდება, რომ რაღაცაში ჩაფიქრდეს. არ უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან.

რა არის უგუნური სიჩუმე? ზოგჯერ დაბოღმილი, განაწყენებული კაცი ჩაიგუბებს პირში წყალს, გაჩუმდება, განდგება, არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ შიგნით იწვის. შიგნით ბოღმა ტრიალებს და ეს დამანგრეველი სიჩუმეა. მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, რა არის ეს სიჩუმე? არაფრით არ არის საჭირო. უნდა ვისწავლოთ ბრძნული სიჩუმეები. მე მიყვარდა ხოლმე სახლში ხმაურით მოსვლა. ჩემი მეუღლე ზოგჯერ მეტყოდა: „რატომ ხმაურობ? მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ ხანდახან უნდა ვიხმაუროთ კიდეც, ხალისიანი ხმაურით, როდესაც ბავშვებთან ვცელქობთ. ზოგჯერ გრძნობებს ვერ შეიკავებ, დაგაყვირებენ გრძნობები, ხმამაღლა გათქმევინებენ რაღაცას. მინდა, გირჩიოთ ახალგაზრდებს ჩემი მეუღლისგან: „მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ მეც ჩუმად ვესაუბრებოდი მას, მოდი, ეს გავაკეთოთ, მოდი, ახლა ასე მოვიქცეთ. ერთმანეთისა გვესმოდა, გვქონდა უსიტყვო საუბარი, ფიქრით საუბარი, გულით საუბარი. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის და გვინარჩუნებს ჰარმონიას ცხოვრებასთან,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სქოლიოზი მძიმე გამოხატულებით არასდროს არ მოხდება, ის ყოველთვის ეტაპობრივად ვითარდება და ეს ეტაპები არ უნდა გამოგვრჩეს,“- ტრისტან ნიშნიანიძე

„სქოლიოზი მძიმე გამოხატულებით არასდროს არ მოხდება, ის ყოველთვის ეტაპობრივად ვითარდება და ეს ეტაპები არ უნდა გამოგვრჩეს,“- ტრისტან ნიშნიანიძე

ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ტრისტან ნიშნიანიძემ სქოლიოზის განვითარების მიზეზებზე ისაუბრა:

„ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც გამოიწვევს სქოლიოზს არ არსებობს. თუ სქოლიოზი მოსახდენია, ის განვითარდება, კორელაცია ჩვენ გვაქვს გენეტიკასთან. 15 %-ში ეს კავშირი ნაპოვნია. პრევენციის თვალსაზრისით ვერაფერს ვაკეთებთ. თუ სწორად ჩავერიეთ მკურნალობის თვალსაზრისით და არ დავკარგეთ ძვირფასი დრო, უფრო კარგ სტატისტიკურ მაჩვენებელს მივიღებთ.

ზურგჩანთა და დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა ვერ გახდება სქოლიოზის ჩამოყალიბების მიზეზი. მძიმე ჩანთამ უბრალოდ შეიძლება მოგვცეს წელის და ზურგის ტკივილი. ამ პრევენციის თვალსაზრისით კარგია სპორტული აქტივობები. ბიჭებში სქოლიოზი უკიდურესად იშვიათია. ის რომ ის საოპერაციო გახდება, კიდევ უფრო იშვიათია. ძალოვანი სპორტი მოზარდისთვის არ არის სასურველი. ბავშვს, რომელსაც ეუბნები, რომ ხარ ჯანმრთელი, ის ჰარმონიულად ვითარდება ნებისმიერ სპორტში. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ვეუბნებით, რომ პრობლემა აქვს ბავშვს. ეს ქმნის დაძაბულობას, რომელიც გაუმართლებელია.

სქოლიოზი არის საშუალო სიმძიმის, მსუბუქი და რთული. თუ დადასტურდა 45 გრადუსი, ის გაიზრდება და გახდება 55-65 და ა.შ. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა საჭიროა. ხშირად არის, რომ არის სქოლიოზი, ითხოვენ დახმარებას. მოსახლეობა და მეც ვეხმარებით ამ ხალხს, მაგრამ სქოლიოზი ასეთი მძიმე გამოხატულებით არასდროს არ მოხდება, ის ყოველთვის ეტაპობრივად ვითარდება და ამიტომ, არასდროს მოსახლეობა არ ფიქრობს იმაზე, ეს ეტაპები რატომ იქნა გაშვებული. ვარჯიშს და მასაჟს აქვს მნიშვნელობა, ეფექტი. მას აქვს ეფექტი პოსტოპერაციულადაც, მაშინაც, როდესაც პაციენტს აქვს სწორი ხერხემალი,“- მოცემულ საკითხზე ტრისტან ნიშნიანიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“ 

წაიკითხეთ სრულად