Baby Bag

„კარგი იქნებოდა, რომ მშობლები ადრეული ასაკიდან გვასწავლიდნენ საკუთარი თავის მიმართ მიმტევებლობას,“- ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ თვითთანაგრძნობისა და საკუთარი თავისადმი მიმტევებლობის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„უნდა ვიყოთ მიმტევებლები საკუთარი თავის მიმართ. კარგი იქნებოდა, რომ ამას მშობლები გვასწავლიდნენ ადრეული ასაკიდან. მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში კონფლიქტი მოუვიდა ბავშვს მეგობართან, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე დედა და მამა ასეთ დროს ბავშვს აუხსნიდა, რომ ხდება ასეთი სიტუაციები და მოდი, ახლა მოვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია უკეთესად, როგორ შემოვირიგოთ შენი მეგობარი, როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. რაღაც გზებს უნდა გვასწავლიდნენ მშობლები.

ხანდახან ხდება ასე, რომ ძალიან მკაცრია მშობელი. არ გამოვიდა? შენი ბრალია! ასევე არის მეორე უკიდურესობა, რომ ის არის ცუდი და შენ არაფერში დამნაშავე არ ხარ. ორივე არის აღზრდის მახინჯი, რადიკალური გზა. ადამიანი ამისგან დისკომფორტს იღებს. შემდეგ გვიწევს მეტი წვალება.

ზრდასრულ ასაკში საკუთარ თავს შეგიძლია უთხრა, რომ კი, ეს ასეა, მაგრამ შენ მაინც კარგი ხარ. ჩვენ რაც უნდა მოვინდომოთ, რომ კარგად ვიქცეოდეთ და იდეალურები ვიყოთ, ერთია, რომ არ გამოგვდის და მეორეა, რომ ახლობლებს და მეგობრებს ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ. დასვით კითხვა: იგივე შეცდომა ჩემს მეგობარს რომ დაეშვა, რას ვეტყოდი? იმის მიმართ, რა თქმა უნდა, უფრო მიმტევებლები ვართ, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ. ის ტექსტები, რასაც სხვას ეტყოდით რეალურად თქვენია და თქვენთვისაა,“- მოცემულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილის შოუ“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„წინააღმდეგი ვარ, რომ მეუღლე მშობიარობას დაესწროს, ეს ჩემი უფლებაა,“- რუსკა მაყაშვილი

„წინააღმდეგი ვარ, რომ მეუღლე მშობიარობას დაესწროს, ეს ჩემი უფლებაა,“- რუსკა მაყაშვილი

მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა მშობიარობის დროს მეუღლის დასწრების წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ეს იდეა არ მოსწონს:

„ასაკში შვილის გაჩენა კიდევ ცალკე სიამოვნებაა. 30 წლის ასაკში ეს უკვე სხვაა. ვარ განცხრომაში. მე წინააღმდეგი ვარ, რომ მეუღლე მშობიარობას დაესწროს. არ არის ეს ლამაზი ამ მდგომარეობაში. ყველას თავისი ხედვა აქვს. მამაკაცს თუ უნდა, უნდა დაესწროს, მაგრამ ეს ის მდგომარეობაა, როდესაც არ მინდა, რომ სანდროს ეყურებინა. ეს არაფემინისტურია, მაგრამ ჩემი უფლებაა. მე თვითონ მინდოდა ამ ყველაფერს გავმკლავებოდი. თავად სანდროც მეთანხმება. ეს ჩემი ისეთი მდგომარეობაა, სადაც პირიქით, ხელს შემიშლიდა.“

„ილია კატოზე ძალიან ეჭვიანობდა. როგორც კი მიხვდა, რა ხდებოდა, ძალიან შეიცვალა. ოთხმაგად ცელქი გახდა. მერე ამაში ნევროპათოლოგი ჩავრთეთ. ძალიან ემოციურია, ენერგოვამპირია, ცელქია, ჰიპერაქტიურია. ძალიან განიცდიან ბავშვები, როდესაც პატარა იბადება. ახლაც ეჭვიანობს ნამდვილად, უჯიკა კიდეც, ათრია კიდეც. არცერთი წამით მარტო დატოვება არ შეიძლება. ერთხელ გავიხედე გვერდით, ტელეფონი ავიღე და ის ბავშვს გუდავდა. თან უყვარს, დაიწყო შეყვარება. იმ დღეს კატოს ვუთხარი, რა არის, რას ტირიხარ-მეთქი და მითხრა, ნუ უყვირიო. ორივე მშობელზე ეჭვიანობს. ილია დედაზე და მამაზე ერთნაირად გიჟდება, იმიტომ, რომ სულ ერთად ვართ. ძიძის წინააღმდეგი ვარ დღემდე. ილიაზეც კატეგორიულად არ მინდოდა. იმიტომ გავაჩინე ბავშვი, რომ მე თვითონ გამეზარდა. როდესაც შეიძლება დედა დაგეხმაროს, დედამთილი დაგეხმაროს, რატომ ძიძა?! მე ან თან მიმყავს ბავშვები, ან ბებიებს და ჩემს დას ვუტოვებ. ამიტომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ძიძის. მინდა, რომ მე ვზრდიდე ჩემს შვილებს და მე ვზრდი,“- აღნიშნულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა.

წყარო:​ „სთორი“

წაიკითხეთ სრულად