Baby Bag

„კარგი იქნებოდა, რომ მშობლები ადრეული ასაკიდან გვასწავლიდნენ საკუთარი თავის მიმართ მიმტევებლობას,“- ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ თვითთანაგრძნობისა და საკუთარი თავისადმი მიმტევებლობის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„უნდა ვიყოთ მიმტევებლები საკუთარი თავის მიმართ. კარგი იქნებოდა, რომ ამას მშობლები გვასწავლიდნენ ადრეული ასაკიდან. მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში კონფლიქტი მოუვიდა ბავშვს მეგობართან, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე დედა და მამა ასეთ დროს ბავშვს აუხსნიდა, რომ ხდება ასეთი სიტუაციები და მოდი, ახლა მოვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია უკეთესად, როგორ შემოვირიგოთ შენი მეგობარი, როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. რაღაც გზებს უნდა გვასწავლიდნენ მშობლები.

ხანდახან ხდება ასე, რომ ძალიან მკაცრია მშობელი. არ გამოვიდა? შენი ბრალია! ასევე არის მეორე უკიდურესობა, რომ ის არის ცუდი და შენ არაფერში დამნაშავე არ ხარ. ორივე არის აღზრდის მახინჯი, რადიკალური გზა. ადამიანი ამისგან დისკომფორტს იღებს. შემდეგ გვიწევს მეტი წვალება.

ზრდასრულ ასაკში საკუთარ თავს შეგიძლია უთხრა, რომ კი, ეს ასეა, მაგრამ შენ მაინც კარგი ხარ. ჩვენ რაც უნდა მოვინდომოთ, რომ კარგად ვიქცეოდეთ და იდეალურები ვიყოთ, ერთია, რომ არ გამოგვდის და მეორეა, რომ ახლობლებს და მეგობრებს ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ. დასვით კითხვა: იგივე შეცდომა ჩემს მეგობარს რომ დაეშვა, რას ვეტყოდი? იმის მიმართ, რა თქმა უნდა, უფრო მიმტევებლები ვართ, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ. ის ტექსტები, რასაც სხვას ეტყოდით რეალურად თქვენია და თქვენთვისაა,“- მოცემულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილის შოუ“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„იდეალური ოჯახი ელოდება სიკეთეს, რომელიც მოვა მომავლიდან ღვთაებრივ გეგმაზე დაყრდნობით,“- ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი

„იდეალური ოჯახი ელოდება სიკეთეს, რომელიც მოვა მომავლიდან ღვთაებრივ გეგმაზე დაყრდნობით,“- ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი

ფსიქოანალიტიკოსმა რეზო კორინთელმა იდეალური ოჯახის შესახებ ისაუბრა და მისი დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„ავსტრიაში იყო კონგრესი ოჯახურ ფსიქოთერაპიაზე. ინდუსები იყვნენ კონგრესზე. მათ თქვეს, რომ სჯობს ოჯახის დანგრევის პრევენცია მოახდინოთ, ვიდრე დანგრეული ოჯახი ააწყოთო. ისინი ამბობენ, რა არის სულიერი ოჯახი. ეს არის, როდესაც შედიხარ, გაზაფხულის ბაღივით სურნელება გცემს. იდეალური ოჯახი ელოდება სიკეთეს, რომელიც მოვა მომავლიდან ღვთაებრივ გეგმაზე დაყრდნობით. მეორე არის ამის მოთმინებით მოლოდინი, რომ ოჯახს სიკეთე უახლოვდება. მესამე არის მარადიულზე საუბრები და თავყრილობები ოჯახში და მოწყალება. მოწყალება არ არის მარტო მატერიალური დახმარება, არამედ იქ სადაც სასოწარკვეთაა, სინათლის შუქის შეტანა. ბოლო არის ის, რომ „სტუმარი ღვთისაა.“

ეს სულ სხვანაირი ხედვაა, რაციონალური ხედვისგან განსხვავებული, რომელიც ამბობს, რომ ოჯახი სოციალური კონტრაქტია და თუ არ გაწყობს დაარღვიე. სად არის აქ მარადიული სულიერი პლასტი? არ არის იმიტომ, რომ არ სჯერათ ამის.

რწმენა და იმედი რა არის? შენ იზიდავ როგორც მაგნიტი დადებითს. „ყველაფერი კარგად იქნება,“ - ეს არ არის არარეალისტური ხედვა. შენ ფიქრობ დადებითზე და ამ დადებითს ქმნი. ეს რეზონანსის კანონია. როდესაც დადებითზე ფიქრობ, იზიდავ დადებითს. თუ შენ იმედის კულტივირებას ახდენ, დადებითს იზიდავ. ეს არის დამტკიცებული. პლაცებო, რომ შენ გჯერა რაღაცის, თავს კი არ იტყუებ, შენ რეალურად გიყუჩდება ტკივილი. ტვინი ვერ არჩევს წარმოსახვითს რეალურისგან. როდესაც შენ გეუბნებიან, რომ წამალი გიშველის და გიკეთებენ ამას, გამოიყოფა ის, რაც უნდა გამოიყოს. უნდა იკითხო დადებითზე. ლოცვა რა არის? იმეორებ სულ იმას, რომ ყველაფერი კარგად იყოს. შენ მარტო არ ხარ, შენ მზრუნველი გყავს,“- მოცემულ საკითხზე რეზო კორინთელმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ტელეკომპანია „პულსი“ 

წაიკითხეთ სრულად