Baby Bag

„ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა...“ ეს არის წაგების წინაპირობა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თვითშეფასების ამაღლების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ყველაფერი ბედს არ უნდა მიანდოს და გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება მისი არჩევანია:

„ვირჩევ სათაურს და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შემოყრა. თუ ავირჩიე, რომ „ლუზერი“ ვარ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ამას ესადაგება, შემოვა ამ სათაურის ქვეშ. ეს გვიდასტურებს იმას, რომ „აი, ხომ ვამბობდი!“ ალბათ, ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.“ ეს არის წაგების წინაპირობა. არავითარი ბედი! ეს არის ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაც ზოგჯერ.

მეორე მხარე არის ის, რომ უბრალოდ ფაქტებს ვაკვირდები და სათაურს ვარქმევ. როგორ ვაკვირდები ამ ფაქტებს და რა კანონზომიერებებს აღმოვაჩენ, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო რომ შევცვალოთ, ახალი სათაურები შევარჩიოთ მის ქვეშ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღირსება არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კარგად არ გამოსვლია. მსგავსი ფაქტების შეგროვებით შესაძლებელია ჩარჩო შეიცვალოს ნებისმიერ თემაზე, რაზეც მას აქვს მწუხარება საკუთარ თავთან მიმართებაში.

ადამიანი არის პროცესი. მისი ცხოვრება პროცესია. ამ პროცესში მას შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს საკუთარი თავი, მიიღოს ახალი ვერსია. მას შეუძლია გენეტიკის შეცვლაც კი. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფიქრი ცვლის დნმ-ს. ფსიქიკა განკარგავს ჩვენს ფიზიკას. დაავადებებიც კი არის ჩვენი აზროვნების წესის, ცხოვრების წესის პროდუქტი და შედეგი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა კაცი ერთნაირია!“ - ეს არის ძალიან ცუდი შეფასება! შენ კარგავ მთელი ცხოვრების სილამაზეს,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„ყველა კაცი ერთნაირია!“ - ეს არის ძალიან ცუდი შეფასება! შენ კარგავ მთელი ცხოვრების სილამაზეს,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ცნობილი ფრაზის: „ყველა კაცი ერთნაირია“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან ცუდი შეფასებაა:

„ყველა კაცი ერთნაირია!“ - ეს არის ძალიან ცუდი შეფასება. გეტყვით, რატომ არის ასე. კარგავ მთელი ცხოვრების სილამაზეს, ისევე როგორც ფრაზისას: „ყველა ქალი ერთნაირია.“ ყველა ურთიერთობა არის განსხვავებული, თუ გინდა, რომ ძალიან ლამაზად იყო. მე თუ ვიძახე, რომ „ყველა ქალი ერთნაირია,“ ჩემთვის დამთავრდა ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ მიმიღია. ყველა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში ერთნაირია, ყველა სხვადასხვანაირი უნდა იყოს. მაშინ ხარ მდიდარი, ისევე როგორც კაცების შემთხვევაში.

„ყველა კაცი ერთნაირია!“ - ამას ამბობს ქალი, რომელიც გაბრაზებულია კაცებზე. კაცი რომ ამბობს, ყველა ქალი ერთნაირიაო, ისიც გაბრაზებულია ქალებზე. ეს ფაქტია! სხვა ვარიანტში ეს წინადადება არ ამოდის პირიდან. ერთადერთის ძებნისას და ლოდინისას, თვითონაც არ იცი, როგორი ადამიანი გინდა. რომ ვეკითხებით ხოლმე, როგორი პარტნიორი გინდა და ჩამოყრის რაღაცებს, მერე რომ ვნახავთ ვისთან არის ეს ადამიანი და ამ თავის ნათქვამს ვაჩვენებთ, მაგარი განსხვავებაა ხოლმე.

ქალებს აქვთ, რომ კაცს მაშინვე უყურებს, ვარგა თუ არა ის ქმრად. ეს შეცდომაა. ურთიერთობა უნდა დაიწყო და გადაწყვეტილებას მერე მიიღებ. ურთიერთობა არის, რომ უნდა გაიცნო ადამიანი. თავიდანვე თუ დაიწყე: „რომელი ვარგიხართ აქ ცოლად?“ ეს ნამდვილ ურთიერთობებში ხელს შეგიშლით. შეცდომის ნუ გეშინიათ. შეცდომის შიში თუ გაქვთ, იქნებით ძალიან ფრთხილი და ძალიან ფრთხილი ისეთივე პრობლემურია, როგორიც ძალიან მინდობილი. შეცდომის პანიკაში ნუ იქნებით. ადამიანი შეცდომებს უშვებს. ეს ჩვეულებრივი რამ არის,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად