Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს,“ - ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი

„მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს,“ - ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი

ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოსაყალიბებლად ოჯახის ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„პიროვნების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ოჯახი. ადამიანის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ მშობლები, როგორ ურთიერთობენ მშობლები ბავშვთან ადრეული ასაკიდან. დამოუკიდებლად პიროვნების ჩამოყალიბება სწორედ ადრეული ასაკის დროს იწყება პატარ-პატარა აქტივობებით.“

ლელი ყიფიანის თქმით, ჰიპერმზრუნველობა დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოყალიბებას ხელს უშლის:

​აქ მივდივართ ისევ ჰიპერმზრუნველობამდე. მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს. როდესაც მუდმივად დედა ან მამა ზრუნავს, რომ შვილის მაგივრად აკეთოს ყველაფერი, მაგალითად, როდესაც სასკოლო ასაკამდე ბავშვს აჭმევენ მშობლები, ეს ის უნარებია, რაც ბავშვმა თავად უნდა გააკეთოს. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის სიყვარულის მიცემაა, როდესაც მას ყველაფერს გაუკეთებ. ეს უფრო დამაზიანებელი და დამანგრეველია ბავშვისთვის. სადღაც ზღვარი არსებობს. ბავშვს ყველაფერი არ უნდა უსრულდებოდეს. სიყვარული შეიძლება ემოციური ურთიერთობით გამოვხატოთ მასთან.“

„ზრდასრულ ასაკში უკვე ამის შეცვლა არის შეუძლებელი. ეს ხდება მანამდე, ბავშვობის ასაკში. როდესაც ბავშვი არის მოზარდი, მშობელს მუდმივ კონტროლში ჰყავს, შია, ჩაცმა უნდა, განუსაზღვრავენ, რა არის მისთვის საჭირო, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოეწონოს. შესაბამისად უკვე ვიღებთ უუნარო ზრდასრულს. მამაკაცების შემთხვევაში, რ​ოდესაც დედა განსაკუთრებით ზრუნავს მუდმივად, როდესაც ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები შვილს გარკვეულ ასაკამდე, მერე ეს მამაკაცებს ურთიერთობებში უქმნის პრობლემებს. როდესაც ხდება ქორწინება, ოჯახი იქმნება, იქ ელიან იმავე დამოკიდებულებას მეორე ნახევრისგან. თუ ასეთი მზრუნველი მეუღლე არ ხვდებათ, იქმნება პრობლემები. ისინი პირად ცხოვრებას ვერ აწყობენ. ჰიპერმზრუნველობას მივყავართ აქამდე,“ - აღნიშნულ საკითხზე ლელი ყიფიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად