Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ წონაში კლების პროცესი გაჩერდა, ორგანიზმს უნდა მოვუწყოთ დატვირთვის დღეები,“ - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ წონაში კლების პროცესის გაჩერების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში ეფექტიანია ორგანიზმის დატვირთვა კალორიებით:

„ცუდია თუ კარგია ცხიმოვანი ქსოვილი, ეს არის ჩვენი ორგანიზმის ნაწილი, რომელზეც ადაპტირებულია ჩვენი ტვინი. შესაბამისად ​ნებისმიერი კილოგრამის კლება, თუნდაც ეს იყოს ცუდი ცხიმის ხარჯზე, მისთვის არის სტრესი. ამ სტრესის ფონზე ის აჩერებს წონას. წონის კლების განახლების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიმართავენ უფრო მეტად დაბალკალორიულ კვებას, რაც უფრო მეტად ამცირებს ნივთიერებათა ცვლას. ეს მეტ სტრესში აყენებს ჩვენს ორგანიზმს. ამისთვის მოწოდებულია ე.წ. განტვირთვის და დატვირთვის დღეები. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაცვლეობით უნდა მივაწოდოთ უფრო მეტი კალორაჟი ორგანიზმს, ხოლო ყოველ მეორე დღეს უფრო ნაკლები კალორაჟი, რომ მან გარკვეულწილად განიცადოს ადაპტირება და ჩართოს ნივთიერებათა ცვლის მექანიზმი. ეს ჩვენ მიგვაღწევინებს სასურველ შედეგს.“

ლაშა უჩავას თქმით, პლატოს ეფექტის შემთხვევაში დატვირთვის დღეებისას კალორიების რაოდენობა 2000-2500 კილოკალორიამდე უნდა იყოს:

„ორგანიზმს უნდა მოვუწყოთ დატვირთვის დღეები. საუბარი არ არის კონკრეტულ პროდუქტზე, თუ რომელ პროდუქტს მივირთმევთ. აქ საუბარია, თუ რა კალორაჟს გამოვიყენებთ იმ დღის განმავლობაში. ამ დროს მოწოდებულია დაახლოებით 2000-2500 კილოკალორია, ​იმისთვის, რომ წამოვიდეს წონის კლება. ეს არ უნდა იყოს პერმანენტული ხასიათის. თუ ერთხელ დავარღვევთ დიეტას და მოვიწყობთ დატვირთვის დღეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ასევე უნდა გავაგრძელოთ.“

„ჯერ კიდევ სამოციანი წლებიდან იყოს სამედიცინო საზოგადოების მიერ მოწოდებული​ 5:2-ზე კვების სტილი. ეს ნიშნავდა იმას, რომ ხუთი დღის განმავლობაში ვიყავით დაბალკალორიულ კვებაზე, ორი დღის განმავლობაში მივირთმევდით ყველაფერს, რაც გვსურდა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად