Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბევრ სამეგობროში საზღვარი არის დარღვეული... ზღვარი ყოველთვის უნდა დაიცვა,“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

„ბევრ სამეგობროში საზღვარი არის დარღვეული... ზღვარი ყოველთვის უნდა დაიცვა,“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მეგობრულ ურთიერთობებში საზღვრის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თერაპიაში ზუსტად ეს ხდება: საზღვარს ვიცავთ. თუ მეგობრებს ეს მოწესრიგებული აქვთ, ურთიერთობა არის თერაპიული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე თერაპიის პროცესში უნდა გავაკეთო, არის ის, რომ დავიცვა საზღვარი. არ მომიწიოს, რომ ცოტათი ფეხი დავაბიჯო. ზღვარი ყოველთვის უნდა დაიცვა. ის არის პიროვნება და შენც ხარ პიროვნება. ამ საზღვრის პატივისცემა არის აუცილებელი.

დამეთანხმებით, რომ ბევრ სამეგობროში ეს ყველაფერი დარღვეული. „მე ასე გირჩევ, შენზე კარგად მე გიცნობ.“ არიან სუსტი ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „შენ თუ მიცნობ, მაშინ ასე მოვიქცევი.“ თვითონ სად არის, აღარ იცის. ხომ არის, რომ ადამიანს აქვს სიღრმე, სადაც თვითონაც ეშინია მისვლა, ის კი არა, რომ მეგობარს უთხრას. ეს ის სივრცეა, სადაც შენს სიღრმეში ბოლომდე ჩასვლა, ჩაყვინთვა ხორციელდება ნეიტრალურ, ნდობით აღსავსე ადამიანთან ერთად. ესეც არის თერაპია.

ვერ ვიტყვი, რომ თერაპიაზე მეგობარზე განაწყენებული ადამიანი მოსულა, თუმცა მოსულან ადამიანები, დაბნეული და დაკარგულები. თავისი ხმა აღარ ესმის, იმდენად ხმამაღალია მეგობრებისა და ახლობლების საუბარი მათთან. ჩვენ გაგვიკეთებია, რომ დავხმარებივართ, მოისმინოს მისი ხმა და გაიგოს, ვინ არის თვითონ.ყველა ადამიანი არ არის ძლიერი. კარგ მეგობრებზე ამბობენ: კარგ რჩევას მაძლევს. ჩვენ, ფსიქოლოგები ამისგანაც კი თავს ვიკავებთ. უბრალოდ ვდილობთ მივიყვანოთ იქამდე, რომ საბოლოოდ თვითონ ადამიანმა ურჩიოს თავის თავს ის, რაც გვინდა, რომ ურჩიოს. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს უსმენს, ეს არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, რომ ერთმა ადამიანმა კარგად აგრძნობინოს თავი მეორეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​დილის შოუ

წაიკითხეთ სრულად