Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიშოროთ გულძმარვა ისე, რომ წამლებზე არ ვიყოთ დამოკიდებული? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

როგორ მოვიშოროთ გულძმარვა ისე, რომ წამლებზე არ ვიყოთ დამოკიდებული? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გულძმარვასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებზე ისაუბრა:

„დღეს ვისაუბრებთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების შესახებ, რომელსაც ჩვენთან უბრალოდ რეფლუქსს ეძახიან. ამ დროს საყლაპავის ქვედა ნახევარში ან მთელ სიგრძეზე შემოდის კუჭის შიგთავსი, ძალიან ბევრი და ძალიან ხშირად. ეს პაციენტს უვლინდება სხვადასხვანაირად: გულძმარვა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, მჟავე გემო პირის ღრუში, ცუდი სუნი პირის ღრუდან, კბილების დაზიანება, ქონიკული ხველა, ხშირი ნერწყვდენა. რა ხდება საბოლოო ჯამში? პაციენტი მიდის ექიმთან. მას უნიშნავენ წამლებს, მჟავიანობის დამაქვეითებლებს, ანტაციდებს, მედიკამენტებს, რომლებიც ცვლიან სპინქტერის ტონუსს. ექიმები არ ეუბნებიან მათ, რომ ასეთ პაციენტებს ეს პრობლემა ხშირად ექნებათ ქრონიკულად. რეფლუქსი ყოველდღიურობაში გვხვდება. როგორც დაავადება, ის ქრონიკულია. მას მუდმივად სჭირდება მკურნალობა, რის გამოც პაციენტები იმედგაცრუებულები რჩებიან.

ამ დაავადების დროს მარტო მედიკამენტებში კი არ არის გამოსავალი, არამედ ცხოვრების სტილის შეცვლაში. მინდა, შემოგთავაზოთ რამოდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც უნდა შეასრულოთ, თუ გინდათ, რომ მუდმივად არ იყოთ თამოკიდებული მედიკამენტებზე. რჩევა ნომერი პირველი: თუ თქვენ ხართ ჭარბწონიანი, წონა შეამცირეთ. თუ წონას არ შეამცირებთ, კუჭის შიგთავსი ყოველთვის ამოვა საყლაპავში, თუ ამისკენ ხართ მიდრეკილი. თუ წონას შეამცირებთ, პრობლემა ნახევრად მოგვარდება. თავი დაანებეთ მოწევას. თამბაქოს კვამლი საყლაპავის ქვედა სპინქტერს ადუნებს. მოერიდეთ ალკოჰოლს, მოერიდეთ გაზიან სასმელებს, ისეთ საკვებს, რომლებიც ზრდის აირების მომძლავრებას თქვენს ნაწლავებში. გაზრილი აირები ხელს შეუწყობს ბოყინს. თუ ისედაც გაქვთ რეფლუქსი, კიდევ უფრო მეტი შემოვა მარილმჟავა.

საღამოს საათებში საკვების მიღებას უნდა მოერიდოთ. თუ თქვენ აპირებთ დაძინებას და ერთი საათით ადრე შეჭამეთ საკვები, დაწოლისას მარილმჟავა ამოვა საყლაპავში. ჩვენ ერთ ჯერზე გვიყვარს ყველაფრის მიღება. ეს არ არის სწორი მიდგომა. სჯობს ბევრი საკვები მივიღოთ, მაგრამ გავანაწილოთ მთელ დღეზე. საკვები უნდა დაღეჭოთ რაც შეიძლება კარგად. ასე მას უფრო ნაკლები მოცულობა ექნება და კუჭს მალე არ ამოგივსებთ. როდესაც საღამოს საათებში დაწვებით, ბალიში ყოველთვის გქონდეთ ოდნავ უფრო მაღლა, ვიდრე აქამდე გქონდათ. ფიზიკური აქტივობა ამ დაავდების დროსაც თამაშობს ძალიან დიდ როლს. მედიკამენტები გასტროეზოფაგური რეფლუქსის პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს. რაც შეეხება ცხოვრების სტილს, ის მას მოაგვარებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში,“- აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“

წაიკითხეთ სრულად