Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი კვების დროს ეკრანის ყურებას? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი კვების დროს ეკრანის ყურებას? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში კვების დროს ეკრანის გამოყენების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა, თუ როგორ გადააჩვიონ ბავშვი ჭამის პარალელურად მულტფილმების ყურებას:

„ეს ძალიან ბევრი მშობლის პრობლემაა, იმიტომ, რომ უპრობლემოდ აჭმევ, უპრობლემოდ ასმევ. მშობელი თვითონ უნდა მოემზადოს ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ახლა იქნება ომი სერიოზული. ბავშვისთვის სასიამოვნო ადგილი გამოვყოთ, სადაც იცის მან, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის მისი ჭურჭელი, სადაც ის ყოველთვის ჭამს. ექვს წლამდე ბავშვები სტერეოტიპულები არიან, უყვართ განმეორებითობა, მოულოდნელობებს ვერ იტანენ. სჯობს ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რომ ყოველთვის არის მისი ადგილი აქ ყოველგვარი მულტფილმის გარეშე.“

​ბავშვი ატეხავს ისტერიკას, არ უნდა სიტყვის თქმა. უბრალოდ დგახარ და ელოდები მშვიდად, თუ რამეს არ იშავებს ან აშავებს. ხანდახან არის, რომ ყრის ყველაფერს, თავს ურტყამს კედელს. ამ დროს ხელს ვადებთ კედელს და ჩვენს ხელს ურტყამს თავს. ეს არ უნდა იყოს ჩხუბი, არ უნდა ვუთხრათ: „ხომ იცი, რომ შენ ეს მაინც არ გაგივა.“ ჩვენ ველოდებით, როდის დამთავრდება ეს ისტერიკა. ჩემი გამოცდილებით, ერთადერთი ბავშვი მახსოვს, გოგო, რომელმაც ერთი საათი და ათი წუთი იტირა. მეტს ბავშვის ფიზიკა ვერ გაუძლებს. თუ ბავშვი თავს იზიანებს ან გარემოს აზიანებს, ამ შემთხვევაში ბავშვი ხელით გვიჭირავს მშვიდად, ჩხუბის, ჯიკაობის გარეშე. ვიჭერთ და ველოდებით მშვიდად. არ უნდა მისცე საშუალება, რომ რამე გადაყაროს. ეს არის სწავლებადი. ძალიან ბევრ მშობელს ვასწავლით ჩვენ ამას, არ სჯერა ხოლმე, მერე გვირეკავს და მადლობას გვეუბნება. ამბობს: არ მჯერა ამ სასწაულის, არ მჯერა, რომ ეს გამოგვივიდა,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად