Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას არ გირჩევთ, იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლებსაც ტელევიზორში ნახულობთ, სინამდვილეში არაფერს არ კურნავს,“ - ევგენი კომაროვსკი

„ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას არ გირჩევთ, იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლებსაც ტელევიზორში ნახულობთ, სინამდვილეში არაფერს არ კურნავს,“ - ევგენი კომაროვსკი

პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ანტივირუსული პრეპარატების აქტიური მოხმარების წესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს:

„მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადება ძალიან გავრცელებულია. ათასობით ასეთი რესპირატორული ვირუსი არსებობს და ადამიანები მსგავსი ვირუსებით რეგულარულად ავადობენ. ბავშვებს წელიწადში 6-12-ჯერ ემართებათ რესპირატორული ვირუსები და ეს სავსებით ნორმალურია.

ადმიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ის თავად, ყოველგვარი გარეგანი დახმარების გარეშე გაუმკლავდეს ამ რესპირატორულ ვირუსებს. ვირუსთან გამკლავება არ მოიაზრებს რაიმე ტიპის მედიკამენტების გამოყენების აუცილებლობას. თუ თქვენ ყოველი ჩახველებისას ანტივირუსული მედიკამენტების მიღებას მიეჩვევით, რა თქმა უნდა, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ სწორედ ამ ანტივირუსული მედიკამენტების დახმარებით ახერხებთ გამოჯანმრთელებას. ჩვენ ბავშვობიდან გვარწმუნებენ, რომ ადამიანი ვირუსებისგან თავისით ვერ გამოჯანმრთელდება.

როდესაც ანტივირუსულ პრეპარატს იღებთ, მაინტერესებს, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?! არ არსებობს ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ყველა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია. ვირუსები ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში მრავლდებიან. ძალიან რთულია, რომ ვირუსი გავანადგუროთ და უჯრედი ცოცხალი გადარჩეს. ნამდვილად ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები ძალიან ცოტაა.

არსებობს გრიპისა და შიდსის ვირუსის სამკურნალო პრეპარატები, მაგრამ  იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლებსაც ტელევიზორში ნახულობთ, სინამდვილეში არაფერს არ კურნავს. როდესაც მსგავს პრეპარატს იღებთ, თქვენ ხომ არ იცით, რა ვირუსით ხართ დაავადებული. ამიტომ ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას არ გირჩევთ. ანტივირუსული მედიკამენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად