Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორ არ ხარ ბედნიერი, რომ დღევანდელი დღე გაგითენდა?! დილას ასე რატომ იწყებ?“ - დეკანოზი შალვა კეკელია

​​დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანებში მომძლავრებული აგრესიისა და უხეშობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანი დილით უკმაყოფილო არ უნდა იღვიძებდეს:

„დილით ვაკვირდები ხოლმე, მანქანის მძღოლები როგორ უხეშად დადიან, დილიდანვე როგორ უბღვერენ, აგინებენ, ლანძღავენ ერთმანეთს. ასეთ ხასიათზე დილით როგორ გაიღვიძე? როგორ არ ხარ ბედნიერი, რომ დღევანდელი დღე გაგითენდა?! ძალიან მიკვირს! დღე გაგითენდა და უკმაყოფილომ გაიღვიძე.“

მამა შალვას თქმით, თითოეული დღე, რომელიც გვითენდება, შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ კარგად ვიყოთ:

„დილით გაიღვიძე და უკვე გაბრაზებული ხარ. დღეს რომ ვიღაცას არ გაუთენდა დღევანდელი დღე, შენ გაგითენდა. როგორც ხარ, ცუდად ხარ თუ გიჭირს, გაგითენდა დღევანდელი დღე. ​შანსი მოგცა ღმერთმა, საშუალება მოგცა იმისა, რომ კარგად იყო. გუშინ თუ ცუდად იყავი, დღეს შეგიძლია, რომ კარგად იყო და კარგ ხასიათზე დადგე.“

„დილიდან ასე რატომ იწყებ? დილით რომ დავდივარ, მანქანა რომ შემხვდება, არ არსებობს გვერდით მძღოლს რომ არ შევხედო, არ გავუღიმო. ყველას ვესალმები, ვიცნობ თუ არ ვიცნობ. ერთხელ საცობში მოვყევი. გვერდით მედგა ადამიანი, გავუღიმე და დაბღვერილი მიყურებდა. მერე კიდევ გავუღიმე და ჯვარი გადავსახე. ძალიან გაბრაზდა და შემაგინა. ამ შეგინების შემდეგ კიდევ გავუღიმე, ფანჯარა დავწიე, დავლოცე, ვუთხარი, ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ-მეთქი. პირზე შეაშრა სიტყვები, რაღაცის თქმას აპირებდა. რამოდენიმე თვის შემდეგ ეს ადამიანი მოვიდა ჩემთან, მითხრა, რომ რცხვენოდა მოსვლა. რომ მოვიდა, მე ჩავეხუტე. ხომ შეიძლება ადამიანები ასე შეხვდნენ ერთმანეთს, ასეთი ურთიერთობა გვქონდეს?! რას გაძლევს ეს უხეში დამოკიდებულება?! ​რას გაძლევს, რომ ცუდ ხასიათზე ხარ და ცუდად ექცევი ადამიანს?! არ სჯობს, რომ ადამიანს თბილად დაელაპარაკო, სიყვარული და პატივისცემა გამოხატო ადამიანის მიმართ,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად