Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს მშობლებში გადამეტებულ შფოთვას და რა ზეგავლენას ახდენს ეს ბავშვზე?

რა იწვევს მშობლებში გადამეტებულ შფოთვას და რა ზეგავლენას ახდენს ეს ბავშვზე?
რა იწვევს მშობლებში გადამეტებულ შფოთვას და რა ზეგავლენას ახდენს ეს ბავშვზე? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.
- ხშირად მშობლები ზედმეტად ბევრს შფოთავენ ბავშვთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე. ცუდად ხომ არ აისახება ეს პატარას ფსიქიკაზე?
- მშობლებს, განსაკუთრებით კი ახალბედა მშობელებს, რომლებსაც ახალშობილი ჰყავთ სახლში, ხშირად აქვთ შფოთვა, შიში ყველა დეტალის გამო, რომელიც ბავშვს უკავშირდება. ეს შფოთვა ხშირ შემთხვევაში ქრება ან მცირდება, დროსთან ერთად, მშობლები მეტ გამოცდილებას იღებენ და უფრო მარტივად უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობლის შფოთვა გრძელდება და თან ახლავს ბავშვის განვითარების ყველა ეტაპს, ყოველდღიურობას.

​ბავშვები აკვირდებიან მშობლების რეაქციებს, თუ მშობელი გამუდმებით შეშფოთებული და შეშინებულია, ბავშვი იფიქრებს, დაადგენს, რომ სხვადასხვა სცენარი, მოვლენა საშიშია, თავადაც მოერიდება ახალი გამოცდილებების მიღებას. ასეთ შემთხვევაში, გენეტიკური რისკ-ფაქტორებისა და დასწავლილი ქცევის კომბინაციით, ბავშვსაც გადაეცემა მშობლის შფოთვა.

​- რა განსხვავებაა ამ კუთხით დედებსა და მამებს შორის? თითქოს დედები უფრო მეტად შფოთავენ და მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ.

​- რადგან დედები უფრო აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის მოვლასა და აღზრდაში, შესაბამისად, უფრო თვალსაჩინოა ხოლმე დედის შფოთვა, რადგან მას უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღება უწევს ბავშვთან დაკავშირებით. თუმცა მამებიც ხშირად განიცდიან შიშს და შფოთვას, განსაკუთრებით, ახალბედა მამები. ორივე მშობლის შემთხვევაში, შფოთვის რისკი უფრო მაღალია მაშინ, როცა წარსულში ადამიანს ჰქონდა დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა. როდესაც ადამიანს არ აქვს ემოციური და სოციალური მხარდაჭერა, აქვს ფინანსური პრობლემები, მშობიარობამ რთულად ჩაიარა, თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ა.შ.

​მშობლის შფოთვა შეიძლება უკავშიდებოდეს ნებისმიერ საკითხს, ბავშვის ძილს, ჭამას, მის თანატოლებთან ურთიერთობას. შფოთვა, ჩვეულებრივ, ჩნდება მაშინ, როცა მშობელი ფიქრობს, რომ ვერ ახერხებს საკითხის, პრობლემის მოგვარებას.

​- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ დაძლიონ ეს პრობლემა?

​- მშობლებს ვურჩევ, უფრო მეტი ისაუბრონ იმ საკითხებზე, რაც აწუხებთ, ისაუბრონ სხვა მშობლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინფორმაციის, გამოცდილების გაცვლა მნიშვნელოვანია. ხშირად მშობელი რაღაცას ძალიან განიცდის, ფიქრობს, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. სხვა მშობლებთან საუბრის დროს და მათი გამოცდილების მოსმენით, აღმოაჩენს ხოლმე, რომ „პრობლემა“ უბრალოდ ასაკობრივია, მისი გადაჭრის მეთოდები კი მრავალფეროვნი და სახალისო.

​საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სპეციალისტს უნდა მიმართონ.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად