Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხული მარტო დასვენება კი არ არის, ეს არის პერიოდი გამოცდილებისთვის,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

„ზაფხული მარტო დასვენება კი არ არის, ეს არის პერიოდი გამოცდილებისთვის,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ბავშვთა ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ზაფხულისა და დასვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ზაფხულში ბავშვმა უნდა აინაზღაუროს ყველა დანაკლისი, რომელიც წლის განმავლობაში აქვს:

„მადლობა ღმერთს, რომ ზაფხულის პერიოდი არსებობს. ზაფხული არის პერიოდი, როდესაც რისი დანაკლისიც კი ბავშვს აქვს წლის განმავლობაში, იქნება ეს სივრცე, სიყვარული, თავისუფალი დრო, მეგობრებთან ურთიერთობა, პირველ რიგში, ეს უნდა აინაზღაუროს. ჩვენ ამაში ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, არამედ შევუწყოთ. მე ვფიქრობ, რომ შემეცნებისთვის დრო ყოველთვის რჩება. ​არ არის აუცილებელი, რომ ამას დავარქვათ სწავლის საათი ან ბავშვი დავსვათ კაბინეტში, სადაც წიგნები უნდა გადმოიღოს და იმეცადინოს.“

​მზიკო დალაქიშვილის თქმით, ზაფხული არ არის მხოლოდ დასვენების პერიოდი, არამედ გამოცდილების მიღების პერიოდია:

„ზაფხული არის პერიოდი, როდესაც ნამდვილი რამეების აღმოჩენა შეუძლიათ ბავშვებს. ზაფხული მარტო დასვენება კი არ არის. შეიძლება ბავშვმა ისეთ ინტერესს მიაგნოს, რომლისთვისაც წლის განმავლობაში დრო საერთოდ არ ჰქონდა. აქაც ჩვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ ჩვენ მას არ მივეცით ამისი სივრცე, არ გამოვა. რა იქნებოდა კარგი ქცევა მშობლის მხრიდან? თუ გამონახავს დროს და ბავშვს წაიყვანს ლაშქრობაში, სადაც ბევრი რამის შემეცნებასთან ერთად დიდი სივრცეა საინტერესო საუბრებისთვის. ეს არის პერიოდი გამოცდილებისთვის.“

„თამაშით სწავლება რას გულისხმობს? ბავშვი გამოცდილებით უნდა მისწვდეს ცოდნას. ზოგადად რეჟიმს და მოწესრიგებულ დღის განრიგს ძალიან კარგი გავლენა აქვს ბავშვის და დიდების ცხოვრებაშიც. ზაფხულში ბავშვს თავისუფლებას ვაძლევთ ჩარჩოს პირობებში. სადილიდან ვახშმამდე, როდესაც მცხუნვარე მზეა, ორგანიზმიც მოდუნებულია, ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ბავშვი წავახალისოთ, რომ რაღაც წაიკითხოს. თუ ვატყობთ, რომ ბავშვს არ უნდა, დავფიქრდეთ, რატომ არ უნდა კითხვა, ხომ არ უჭირს? ​ფაქტია, რომ დამოკიდებულებაშია პრობლემა. თუ ბავშვს კატეგორიულად არ უნდა წიგნთან მისვლა, იქ სხვა რამეა გამოსაძიებელი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად