Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არანაირი ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორსაც ეს თამაშები,“ - თემურ მიქელაძე

„არანაირი ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორსაც ეს თამაშები,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სახიფათო თამაშების საფრთხეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებისთვის მსგავსი თამაშები პანდემიებზე ბევრად უფრო სახიფათოა:

„ნებისმიერი გამაღიზიანებელი თამაში, ნებისმიერი გამაღიზიანებელი ელექტრონული აქტივობა ბავშვისთვის არის დამაზიანებელი. იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა. ეს სრული უბედურებაა, მე პირდაპირ მინდა ავღნიშნო. არანაირი დაავადება, არანაირი კორონავირუსული პანდემია, ​არანაირი სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორსაც ეს თამაშები.“

თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვისთვის საუკეთესო ფსიქოლოგები მშობლები არიან და მისი საფრთხისგან დაცვა ყველაზე უკეთ სწორედ მათ გამოსდით:

„მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი ბავშვისთვის არის დედა და მამა. თუ დედა და მამა იქნებიან ჩართული, თუ იქნებიან ბებიები ჩართული, თუ ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოვდუნდებით, ჩვენ შეიძლება ბავშვები გადავარჩინოთ. ​ამ აგრესიული თამაშებით ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდეც კი მივდივართ. ნერვული სისტემა ლაბილურია, ამიტომ ბავშვის მართვა ასეთი მავნე თამაშებით ადვილად შეიძლება. თუ ასეთი საფრთხეა, მაშინ სპეციალურმა სამსახურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ აკრძალონ ტიკ-ტოკი და მსგავსი თამაშები ქვეყნის ტერიტორიაზე. რამდენიმე ქვეყანაში, მე როგორც ვიცი, უკვე აიკრძალა.“

სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში გავრცელებული ერთ-ერთი ახალი სახიფათო თამაშის საფრთხეებზე ისაუბრა პედიატრმა ანა მაღრაძემაც. აღნიშნულ თამაშს სხვაგვარად „მახრჩობელა თამაშის“ სახელით იცნობენ და მან უკვე რამდენიმე მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა:

„ბავშვები, გასაკუთრებით თინეიჯერებში, ერთმანეთს იწვევენ ამ თამაშით. ეს იწვევს ორგანიზმში, განსაკუთრებით თავის ტვინში, სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა იწვევს ჟანგბადის დეფიციტის შექმნას ორგანიზმში. ვითარდება ჰიპოქსია, რამაც შეიძლება მიიყვანოს ორგანიზმი ასფიქსიამდე, ანუ ჟანგბადის მიწოდების სრულ შეწყვეტამდე. თავის ტვინი ყველაზე მგრძნობიარეა სწორედ ჟანგბადის დეფიციტის მიმართ. ხდება თავის ტვინის სიკვდილი.“

„სწორედ ეს მოხდა მარტში კალიფორნიაში, როდესაც 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა ამ გამოწვევის შედეგად. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მანამდე 6 თინეიჯერი გარდაიცვალა სწორედ ამ გამოწვევით. ეს გამოწვევა, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად გავრცელდა მსოფლიო მასშტაბით. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგებამდე. ​ბავშვები ვერც აცნობიერებენ ამ დროს, თუ რამეს საშიშს და ცუდს აკეთებენ,“ - აღნიშნულ საკითხებზე პედიატრებმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად