Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ტყუილი სადღაც ოთხი წლის ასაკში გაჩნდა, როგორც ფენომენი, ტიპიური განვითარების დროს ეს აუცილებელია,“ - ფსიქოლოგი ქეთევან მაყაშვილი

„თუ ტყუილი სადღაც ოთხი წლის ასაკში გაჩნდა, როგორც ფენომენი, ტიპიური განვითარების დროს ეს აუცილებელია,“ - ფსიქოლოგი ქეთევან მაყაშვილი

ფსიქოლოგმა ქეთევან მაყაშვილმა ტყუილის ფენომენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ცხოვრებაში ამ ფენომენის გამოჩენა მშობელს უნდა უხაროდეს:

„ბავშვი ამის გაკეთებას საკმაოდ ადრე იწყებს. თუ ამაზე ვიმსჯელებთ, თავდაპირველად ტყუილის ფენომენის გაჩენა უნდა გაგვიხარდეს. უნდა გაგვიხარდეს, იცით რატომ?! იმიტომ, რომ ​ტყუილი სოციალური ფენომენია. ის ძალიან ფაქიზი ფენომენია. რატომ ვამბობ მე ტყუილს? იმიტომ, რომ მე ვიცი შენ რა რეაქცია გექნება ჩემს ნათქვამზე. პატარა ბავშვი ეგოცენტრულია, მან არ იცის ეს ყველაფერი. ის პირდაპირ, გულწრფელად ამბობს ყველაფერს. „ბავშვური გულწრფელობით“ - ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა. ბავშვი არ ფიქრობს იმაზე, რა შედეგები მოჰყვება მის ამ ნათქვამს, თუ გაკეთებულს.“

ქეთევან მაყაშვილის თქმით, ბავშვებს არ შეუძლიათ სხვა ადამიანის რეაქციები წინასწარ განსაზღვრონ, რადგან სხვა ადამიანის სუბიექტური რეალობა მათთვის ღია არ არის:

„ბავშვს არ აქვს იმის უნარი, რომ წინასწარ განსაზღვროს სხვა ადამიანისგან რეაქცია. მას არ შეუძლია განსაზღვროს სხვა ადამიანის შინაგანი სამყარო რა რეაგირებას მოახდენს მის ქცევაზე. ​ბავშვი თავის თავშია, მას ჰგონია, რომ ყველაფერი მის გარშემოა. მეორე ადამიანის სუბიექტური რეალობა მისთვის არ არის ღია.“

„თანდათანობით მას უჩნდება ეს უნარი. თუ ტყუილი სადღაც ოთხი წლის ასაკში გაჩნდა, როგორც ფენომენი, ბავშვმა რაღაც დაგიმალათ და ცუდად გრძნობს თავს, იმიტომ, რომ იცის, შენ ეს არ მოგეწონება. აუცილებელია, რომ ეს იყოს.​ აუტიზმის პრობლემაც ზოგადად ეს არის. ამ ბავშვებს მეორე ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვა უჭირთ. ტიპიური განვითარების დროს ეს აუცილებელია,“ - აღნიშნული საკითხის შესახებ ქეთევან მაყაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად