Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

იწვევს თუ არა ფეხის დასველება ბავშვის ავად გახდომას?

იწვევს თუ არა ფეხის დასველება ბავშვის ავად გახდომას?

მშობლებს ძალიან ეშინიათ, როდესაც ბავშვები ეზოში სველი ფეხით ან სველი თმით თამაშობენ. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თუ ბავშვს ფეხი უსველდება, შესაძლოა, ის ავად გახდეს. მსგავსი შეხედულება არსებობს ღამით სველი თმით დაძინებასთან დაკავშირებითაც. ბავშვის ავადმყოფობისგან დაცვა მშობლის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. თანამედროვე სამყაროში მოძველებულად ითვლება სველი ფეხის, როგორც ავადობის გამომწვევი მიზეზის შესახებ გავრცელებული აზრი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მოსაზრების სრული უგულებელყოფა არ ღირს, რადგან ფეხების დასველება, შესაძლოა, ბავშვის ავად გახდომის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი იყოს.

პედიატრები გვარწმუნებენ, რომ შეუძლოდ ყოფნა და ტემპერატურის არსებობა ვირუსებით არის გამოწვეული და არა სველი ფეხით ეზოში თამაშით. მიუხედავად ამისა, მშობელმა შვილს მაინც არ უნდა მისცეს უფლება, რომ სველი ფეხებით ირბინოს. თავის მხრივ სველი ფეხი არ არის ავადობის გამომწვევი, მაგრამ ის ოგრანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, რაც უკვე არსებული ვირუსების გააქტიურებას უწყობს ხელს.

ბავშვი, შესაძლოა, ატარებდეს იმ მიკრობებს, რომლებიც გრიპის გამომწვევია. მიუხედავად ამისა, სიმპტომები არ ვლინდება და პატარა თავს ძალიან კარგად გრძნობს. როდესაც ფეხის ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა, მთელს სხეულში გარკვეული ცვლილებები ხდება, ბავშვს ცხვირი უცივდება. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკს, რომ ბავშვს სიმპტომები გამოუვლინდეს და მან თავი ცუდად იგრძნოს.

ბავშვს თუ მხოლოდ ფეხები აქვს სველი, მაგრამ პატარა არ არის ვირუსის გამომწვევი მიკრობის მატარებელი, ის ავად არ გახდება. თუ მიკრობი უკვე ბავშვის ცხვირშია დაბუდებული, სველი ფეხი ორგანიზმის მდგომარეობას ცვლის, ცხვირის სისხლძარღვები იკუმშება და დაავადების გააქტიურების რისკი მატულობს. სწორედ ამიტომ პედიატრები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ძვირფასო მშობლებო, ბავშვებს სუფთა ჰაერზე სირბილისა და თოვლში თამაშის ნება აუცილებლად უნდა მისცეთ, თუმცა როგორც კი შეამჩნევთ, რომ პატარას ფეხი უსველდება, ის მაშინვე შემოიყვანეთ სახლში და ფეხები სწრაფად გაუმშრალეთ. ამ გზით ბავშვს ზედმეტი უსიამოვნებებისგან დაიცავთ.

მომზადებულია:​ moms.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად