Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბრონქული ასთმის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელი უნდა მივიდეს ექიმთან,“ - ალერგოლოგი ბაია ბეზარაშვილი

ალერგოლოგი ბაია ბეზარაშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანების მზარდი რიცხვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ბრონქული ასთმით ავადდებიან:

„ბრონქული ასთმა ძალიან ვერაგი დაავადებაა. ერთ-ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, რომ ბრონქული ასთმის დროს ჩვენ შეგვიძლია მეოთხედი ძალით ვისუნთქოთ, მეოთხედი ძალით ვიაზროვნოთ, მეოთხედი ძალით ვიმოძრაოთ და მხოლოდ ასთმის შეტევა ვითარდება მთელი ძალით, ყოველგვარი მეოთხედების გარეშე. თანამედროვე განმარტებით ბრონქული ასთმა არის ქრონიკული ბრონქის ანთებით მიმდინარე დაავადება. მსოლფიოში 350 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული ბრონქული ასთმით. მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ მატულობს ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვების რაოდენობა. ყოველწლიურად მსოფლიოში 250 000 -მდე ადამიანი იღუპება ბრონქული ასთმით.“

ბაია ბეზარაშვილის თქმით, ბრონქული ასთმის კონტროლი თანამედროვე სამყაროში რთული არ არის:

„მიუხედავად იმისა, რომ ბრონქული ასთმა ძალიან ვერაგი დაავადებაა და მას ბევრი გართულება აქვს, თანამედროვე სამედიცინო რეკომენდაციებით და სამკურნალო საშუალებებით შესაძლებელია მისი კონტროლი. თუ ექიმსა და პაციენტს შორის შედგა კონტაქტი, მოხდა სწორი დიაგნოსტირება და რეკომენდაციების გათვალისწინება, მისი მართვა შესაძლებელია.“

ბაია ბეზარაშვილი აცხადებს, რომ მშობელმა ბავშვი ექიმთან პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიიყვანოს:

„პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე მშობელი უნდა მივიდეს ექიმთან. რა სიმპტომები ახასიათებს ასთმას? როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, სულხუთვა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეტევითი ხასიათის ხველა. განსაკუთრებით ეს პრობლემები გამოხატულია ღამით და გამთენიისას. მწოლიარე მდგომარეობაში პაციენტი ვერ სუნთქავს სათანადოდ. ბრონქული ასთმის განვითარებას განაპირობებს სხვადასხვა გარემო ფაქტორები. თამბაქოს მოხმარება საოცრად მოქმედებს ასთმის განვითარებაზე, ასევე გენეტიკური განწყობა, ალერგენები, სტრესი და ვირუსები.“

„კლასიფიკაციის მიხედვით ასთმა იყოფა კონტროლირებად და არაკონტროლირებად ასთმად. კონტროლირებადად ითვლება ასთმა, თუ პაციენტს კვირაში ორზე მეტად არ უვითარდება შეტევა. მე ვერ ვეთანხმები ამაში მეცნიერებს. ძალიან ვინერვიულებდი ჩემს პაციენტებს კვირაში ორჯერ კი არა, თვეში ერთხელაც რომ ემართებოდეთ შეტევა, იმდენად კარგად შეიძლება იყოს ასთმა დღეს კონტროლირებადი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ალერგიული რეაქციის განვითარების დროს მივაკითხოთ ექიმს. ამ დროს ხდება სწორი დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენციის მეთოდების შემუშავებაც,“ - აღნიშნავს ბაია ბეზარაშვილი.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად