Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მდიდარ და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ბედნიერების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ

მდიდარ და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ბედნიერების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ

საზოგადოებაში გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, მდიდარი ადამიანები შვილებს საყვარელი სათამაშოებითა და მხიარული თავგადასავლებით ძალიან ანებივრებენ, ღარიბ მშობლებს კი ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ბევრი ზღაპარი და კინოფილმი გვიჩვენებს, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობენ მდიდარი ბავშვები, მაშინ როდესაც ღარიბი ოჯახები მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებიან. სწორედ ამიტომ, ადამიანები ფიქრობენ, რომ მდიდარი ოჯახის შვილები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ღარიბი მშობლების ბავშვები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მდიდარ და ღარიბ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს ბედნიერების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ. არაერთხელ გვსმენია, როგორ მსხვერპლზე მიდიან ღარიბი მშობლები, რათა შვილებს კომფორტი შეუქმნან. მამები დამატებით სამუშაოზე თანხმდებიან, რათა ბავშვებს ძვირადღირებული სათამაშო უყიდონ.

მდიდარ ოჯახში მცხოვრები ბავშვები ყოველთვის ვერ იღებენ იმას, რაც სურთ. ბევრი შეძლებული მამა შვილს აიძულებს საკუთარ თავზე თავად იზრუნოს, იმუშაოს და ფული ასე გამოიმუშაოს. მდიდარი მშობლები ცდილობენ შვილებს ძვირადღირებული სათამაშოები არ აჩუქონ, რათა მათ შრომის ფასი ისწავლონ. ბავშვის ბედნიერებას არა მშობლების მატერიალური მდგომარეობა, არამედ შვილისადმი მათი დამოკიდებულება განსაზღვრავს.

მდიდარი მშობლების ყოლა და ბევრი ფულის ქონა ბედნიერების წინაპირობა ნამდვილად არ არის. როგორც წესი, ღარიბ მშობლებს შვილებთან მეტი სიახლოვე აქვთ. ბავშვები მათგან ყველაზე მთავარ საჩუქარს - სიყვარულს იღებენ, რაც მდიდარი ოჯახის შვილებს ხშირად აკლიათ. მდიდარი მშობლები, როგორც წესი, ძალიან დაკავებულები არიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაონ და საკუთარი შემოსავალი გაზარდონ. ხშირად მდიდარი მშობლები შვილისადმი ხელგაშლილობას ავლენენ და მას ყველაფერს აძლევენ, რასაც მოისურვებს. ამ შემთხვევაში მდიდარი ბავშვები ნაწილობრივ ბედნიერები არიან. მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ ურთიერთობები ძალიან აკლიათ. ფინანსური კეთილდღეობის მიუხედავად, მათ არ იციან მეგობრობის ფასი, რაც უდიდესი დანაკლისია.

მდიდარი მშობლები, რომლებიც შვილებს ძალიან ანებივრებენ და მათთვის ძვირფას სათამაშოებს ყიდულობენ, ბავშვს ბედნიერებაზე ყალბ წარმოდგენას უქმნიან. ზრდასრულ ასაკში მათი შვილი აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, ამასთან მას არ ეცოდინება, რა უნდა გააკეთოს ბედნიერების მოსაპოვებლად.

მდიდარი ოჯახის შვილები ღარიბ ბავშვებთან შედარებით ბედნიერები ნამდვილად არ არიან. ბედნიერება ღარიბებსა და მდიდრებს თანაბრად შეუძლიათ, რადგან ის ფულის ქონა-არქონაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული.

მომზადებულია ​streetdirectory.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად