Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ შეიძლება ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა?

რატომ არ შეიძლება ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა?

ძუძუთი კვება დედისა და ჩვილისთვის ნამდვილი საჩუქარია. დედის რძეში ყველა ის ნივთიერება გვხვდება, რომელიც ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ძუძუთი კვება ბავშვის იმუნურ სისტემას იცავს და აძლიერებს. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ბავშვისთვის ძუძუთი კვების შეწყვეტა დედას მაინც უწევს. ალბათ, გსმენიათ, რომ ამის გაკეთება ზაფხულში კატეგორიულად არ შეიძლება. რამდენად ახლოსაა სიმართლესთან მოსაზრება, რომ ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა დაუშვებელია? პედიატრები დედებს ამ მხრივ კატეგორიულად არ ზღუდავენ და მათ მკაცრ რეკომენდაციებს არ აძლევენ. ექიმები თვლიან, რომ ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის ბავშვი და დედა მზად უნდა იყვნენ. მიუხედავად ამისა, პედიატრები აღნიშნავენ, რომ ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დედები კარგად უნდა დაფიქრდნენ.

ზაფხულის სიცხე ბავშვის ორგანიზმისთვის სტრესია. როდესაც პატარას კვების რეჟიმს და რაციონს უცვლით,ამით სტრესს კიდევ უფრო აძლიერებთ. გარდა ამისა, ზაფხულში ნაწლავური ინფექციების რისკი მნიშვნელოვნად მატულობს. პედიატრები დედებს ურჩევენ, რომ მსგავსი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ზაფხულში კვების რაციონის შეცვლისგან თავი შეიკავონ. დედის რძე ბავშვის ორგანიზმს აძლიერებს და მას ვირუსებთან და ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნაწლავური ინფექციის განვითარების დროს, ბავშვისთვის მხოლოდ დედის რძის მიცემაა რეკომენდებული. მსგავსი მიდგომა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციას სწრაფად აღადგენს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა შეიძლება, თუ ძალიან ცხელი ამინდები არ არის. ზაფხულში პატარები ძალიან აქტიურები არიან, ბევრს მოძრაობენ, სუფთა ჰაერს სუნთქავენ, რის გამოც მათი ორგანიზმი ცვლილებებისთვის მზად არის. შესაბამისად, თუ გაუსაძლისად არ ცხელა, დედებს შეუძლიათ, ძუძუთი კვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ბავშვის ორგანიზმს ზიანს არ აყენებენ. მთავარია, ბავშვი ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის მზად იყოს.

მომზადებულია ​Geo-storm.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად