Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გადავლახოთ მშობიარობის შიში? - რჩევები ორსულ ქალბატონებს

როგორ გადავლახოთ მშობიარობის შიში? - რჩევები ორსულ ქალბატონებს

ორსული ქალბატონები ხშირად ძალიან ღელავენ მოსალოდნელი მშობიარობის გამო და შიშისგან ღამეებსაც ათენებენ. მათი შიშები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად მომავალ დედებს სამშობიარო ტკივილების ეშინიათ. გარდა ამისა ქალბატონები ღელავენ მშობიარობის შესაძლო გართულებებზე, ბავშვის ჯანმრთელობაზე, გაუთვალისწინებელ სირთულეებზე და ა.შ.

ორსული ქალბატონები მშობიარობის დაწყების ცრუ სიმპტომებისა და რეალური ნიშნების ერთმანეთისგან გარჩევის სირთულეზეც ხშირად ფიქრობენ. არ აქვს მნიშვნელობა სიმპტომები რეალურია თუ მოჩვენებითი, ნებისმიერი დისკომფორტისა და უჩვეულო ნიშნების დროს ორსულმა ქალბატონმა ექიმს უნდა მიმართოს. მნიშვნელოვანია, რომ ორსული მუდმივ კონტაქტში იყოს ექიმთან, რომელიც მას მისი სიმპტომებიდან გამომდინარე ურჩევს, როგორ მოიქცეს, რაც ორსულ ქალბატონს სამშობიაროში დროულად მისვლის შესაძლებლობას მისცემს.

მომავალ დედებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ სამშობიარო ბლოკში სიმშვიდის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა ეს რთული არ არის. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პროფესიონალების გარემოცვაში იმყოფებიან და მშობიარობის პროცესი აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

დედებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ემოციები ბავშვსაც გადაედება. დედა და ბავშვი ერთი გუნდია, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ დედამ სიმშვიდე შეინარჩუნოს, რათა მშობიარობის პროცესი ორივესთვის მარტივად წარიმართოს.

ორსულებს ასევე ეშინიათ მშობიარობის დროს შორისის ჩაჭრის საჭიროების წარმოქმნის და ფიქრობენ, რომ პროცედურა მტკივნეულია, თუმცა ეს ასე არ არის და ეპიზიოტომია უმტკივნეულოდ ტარდება.

ორსულმა ქალბატონებმა გესტაციურ პერიოდში პროფესიონალებისგან რჩევები რეგულარულად უნდა მიიღონ. ეს მათ არასაჭირო შიშებისა და  ცრურწმენების ზეგავლენისგან დაიცავს.

ორსულებზე ძალიან კარგად მოქმედებს იოგა, რაც მათ განტვირთვაში ეხმარება. მნიშვნელოვანია სხვა ორსულებთან გამოცდილების, განცდებისა და მოლოდინების გაზიარება და აზრების გაცვლა-გამოცვლაც.

ორსულმა ქალბატონმა დასვენებისთვის ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და თავი გაინებივროს. განწყობის ასამაღლებლად და მშობიარობის მიმართ შიშების გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ორსულმა მის გარშემო დადებითი ატმოსფერო შექმნას. სქესის გამოცნობის ცერემონია, ბავშვის ტანსაცმლისა და ნივთების შეძენა, ჩვილის ოთახის მორთვა, ფოტოსესიების მოწყობა - ეს ყოველივე ორსულს ყურადღების გადატანასა და მშობიარობის შიშების გადალახვაში დაეხმარება.

მთავარია, რომ ორსულმა საკუთარი თავის ირწმუნოს და საკუთარ ორგანიზმს ენდოს. მომავალი დედა შვილის დაბადების უბედნიერეს წუთებს დადებითი მოლოდინით უნდა შეხვდეს და ირწმუნოს, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ არის.

წყარო:​ youaremom.com

წაიკითხეთ სრულად