Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის მნიშვნელოვანი მეუღლის თანადგომა და მხარდაჭერა მშობიარობის პროცესში? - პედიატრი ქეთი ნემსაძე

რატომ არის მნიშვნელოვანი მეუღლის თანადგომა და მხარდაჭერა მშობიარობის პროცესში? - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემპარტნიორული მშობიარობის დადებით მხარეებზე ისაუბრა:

„როდესაც არის პარტნიორული მშობიარობა, ოჯახის გაკეთილშობილება და დაახლოება ხდება. ეს არის უკვე მეცნიერულად დადასტურებული. საბედნიეროდ საქართველოში უკვე მიმდინარეობს პარტნიორული მშობიარობის დანერგვა. განათლებულ საზოგადოებას შეუძლია მშობიარობის პროცესში მამაკაცისა და ქალის დაახლოება. ქალსა და ბავშვს შორის არსებობს მიჯაჭვულობა. ეს არის ის უხილავი ჯაჭვი, რომელსაც არ უნდა სწავლება. ეს უხილავი ჯაჭვი, რომელიც ქალისთვის ერთობ ბუნებრივია, არაჩვეულებრივად ჩამოყალიბდა იმ სამშობიარო სახლებში, სადაც დაბადებისთანავე ბავშვი მოათავსეს მამის მკერდზე, როდესაც დედას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ჩამოყალიბდა ე.წ. მამა-შვილის მიჯაჭვულობა.

რა მნიშვნელობა აქვს მამა-შვილის მიჯაჭვულობას? სწორედ ეს მიჯაჭვულობა არის საფუძველი კეთილშობილების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარისა და კრიტიკული აზროვნების. პარტნიორული მშობიარობის წყალობით, მამაკაცებში ვითარდება მიჯაჭვულობა, ქალბატონების მიმართ პატივისცემა, ისინი ხდებიან შვილის დაბადების თანამონაწილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი საზოგადოება, სადაც დაინგრევა ყველა ტოტალიტარული დოქტრინა და ქალბატონი თუნდაც მშობიარობის დროს გახდება ცენტრალური პიროვნება. მეანი კი არ უბრძანებს მას, როგორ პოზაში იმშობიაროს, არამედ მეანიც, მეუღლეც და ირგვლივ ყველანი აეწყობიან ფიზიოლოგიური პროცესის ნორმალურად წარმართვისკენ,“- აღნიშნა ქეთი ნემსაძემ.

წყარო: ​EECMD 

წაიკითხეთ სრულად