Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტკბილისადმი მიდრეკილება ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში ეწყება,“- ნუტრიციოლოგი რუსუდან კვანჭახაძე

„ტკბილისადმი მიდრეკილება ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში ეწყება,“- ნუტრიციოლოგი რუსუდან კვანჭახაძე

ნუტრიციოლოგმა რუსუდან კვანჭახაძემ ბავშვებში ტკბილეულისადმი მიდრეკილების საკითხზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბავშვის კვება, პირველ რიგში, არის სასიამოვნო პროცესი. მისი ხასიათი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ბავშვის ასაკზე, გენეტიკაზე, თანმხლებ დაავადებებზე. ბავშვის კვებასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება შეგვექმნას პრობლემები თუდნაც ალერგიულობიდან გამომდინარე და ა.შ. ტკბილისადმი მიდრეკილება ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში ეწყება. თუ დედა იღებს დიდი რაოდენობით შაქარს, ბავშვს უყალიბდება ტკბილისადმი მიდრეკილება. მარტო ტკბილეულის მიმართ მიდრეკილებას არ ეხება ეს. არის ძალიან საინტერესო მონაცემები იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში რაიმე ვიტამინის, მინერალის უკმარისობა შემდგომში შეიძლება სერიოზული დაავადებების წინაპირობა იყოს. დედისთვის დიდი რაოდენობით ნახშირწყლების, ტკბილეულის მიღება შეიძლება საზიანო იყოს და გამოიწვიოს გესტაციური დიაბეტი, რომელიც შემდგომ ბავშვებში იწვევს დიდ პრობლემებს.

ბავშვი დაბადებისთანავე იწყებს ნახშირწყლების მიღებას. დედის რძეში არის ლაქტოზა. ბავშვს ტკბილისადმი მიდრეკილება უჩნდება. როდესაც დედა აწვდის ფაფას, ხილს, იქაც შედის ნახშირწყლები და მას ეს მიდრეკილება მთელი ცხოვრების განმავლობაში უჩნდება. ტკბილეული ბავშვისთვის ტაბუ არ უნდა იყოს. ბავშვს რაც უფრო აუკრძალავთ, უფრო მოუნდება. კარგი საქციელისთვის, კარგი სწავლისთვის დედა ხშირად აჯილდოვებს ბავშვს ტკბილეულით. ბავშვი ეჩვევა ამ ყველაფერს. ტკბილეული იწვევს კარიესს პირის ღრუში. კარიესმა შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები. როდესაც ბავშვი აცნობიერებს, რომ ჭარბი წონა აქვს მეგობრებთან შედარებით, მას უნდა, რომ თავი დაანებოს დიდი რაოდენობით ტკბილეულის მირთმევას, მაგრამ აღარ შეუძლია.

ორ წლამდე არ არის მიზანშეწონილი, რომ ბავშვს მივაწოდოთ შაქარი. ტკბილისადმი მიდრეკილებას აქვეითებს ქრომი, ასევე დარიჩინი. რატომ არის, რომ ნამცხვარში ხშირად სწორედ დარიჩინს ვუმატებთ? სწორედ ამ მიზეზით,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან კვანჭახაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად