Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„10 ბავშვიდან 7 პირველ სიტყვას ნაცვლად „დედისა,“ ამბობს „ალექსს,“ „მაშას...“ ეს კატასტროფაა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„10 ბავშვიდან 7 პირველ სიტყვას ნაცვლად „დედისა,“ ამბობს „ალექსს,“ „მაშას...“ ეს კატასტროფაა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ შვილები ეკრანს მაქსიმალურად ჩამოაშორონ:

„სავალალო მდგომარეობამდე მივედით. ქართული პოპულაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიტყვა „დედა.“ მივედით იქამდე, რომ ბავშვები პირველ სიტყვას ნაცვლად „დედისა,“ ამბობენ „ალექსს,“ „მაშას.“ მე ვთვლი, რომ ეს არის კატასტროფა. 10 ბავშვიდან 7 ამბობს უკვე ამ სიტყვებს პირველად. ასეთ ბავშვს ვერც მოვაშორებთ უკვე მერე ეკრანს. ვიღაც ექიმთან მიყვანა, რომ ის მოაგვარებს ამ პრობლემას, არ არის სიმართლე. ის ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

მიიყვანთ ბავშვს ექიმთან, იწყებთ D ვიტამინის განსაზღვრას, ტყვიის განსაზღვრას. ეს არის მეორეხარისხოვანი. ასე არსად არ კეთდება, არცერთ ქვეყანაში. ექიმი წყვეტს უნდა გაკეთდეს თუ არა. დავსდევთ ერთ ლაბორატორიას, მეორე ლაბორატორიას. ეს მეორეხარისხოვანია. ეს არაფერი არ არის. არანაირი ტყვიის მაღალი შემცველობა ისეთ პრობლემას არ შექმნის, როგორც ეკრანდამოკიდებულება.

როდესაც ბავშვი მთელი დღე არის მიჯაჭვული ეკრანს, შეიძლება იყოს აკომოდაციის სპაზმი. მხედველობის ორგანო იძაბება ამ დროს. თუ ბავშვი ახლოდან უყურებს ტელევიზორს, უნდა გამოირიცხოს მხედველობის პრობლემა. მთელი დღე ბავშვი არ უნდა იჯდეს ტელევიზორთან, რა თქმა უნდა,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ „რადიო იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

წაიკითხეთ სრულად