Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მეცნიერების მტკიცებით, ოჯახური სადილები ბავშვებისთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანია

მეცნიერების მტკიცებით, ოჯახური სადილები ბავშვებისთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანია

მეცნიერების მტკიცებით, ოჯახურ სადილებს ყველასთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. როდესაც ბავშვები ერთად მიირთმევენ, ისინი სოციალიზაციას სწავლობენ და შემეცნებითი უნარებიც უვითარდებათ. ოჯახური სადილები ძალიან კარგია როგორც გონების, ასევე სხეულისა და სულისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სადილობის პროცესს მეტი ყურადღება დავუთმოთ.

დატვირთული ცხოვრების სტილის გამო თანამედროვე ადამიანებს იშვიათად გვრჩება დრო ახლობლებთან დროის მშვიდად გატარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურმა სადილმა სმარტფონების გარეშე, სასიამოვნო საუბრების ფონზე ჩაიაროს.

კვლევებით დასტურდება, რომ საოჯახო სადილების დროს ოჯახის წევრებთან საუბარი ბავშვის ლექსიკონს ხმამაღლა კითხვაზე მეტად ამდიდრებს. კვლევებით დადგინდა, რომ ხმამაღლა კითხვით დასწავლილი 143 ახალი სიტყვის საპირწონედ, მშობლებთან საუბრისას ბავშვი 1 000 ახალ სიტყვას სწავლობს. სადილობისას მშვიდი საუბარი ბავშვს კითხვის მარტივად სწავლსაც უადვილებს.

ოჯახური სადილები ძალიან სასარგებლოა სკოლის ასაკის ბავშვებისთვისაც. კვლევებით დგინდება, რომ ოჯახთან ერთად სადილობა ბავშვს აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მოტივაციას აძლევს. ოჯახური სადილები ამ მხრივ უფრო ეფექტიანია, ვიდრე მეცადინეობა, სასკოლო ან კლასგარეშე აქტივობები.

ოჯახური სადილების დროს ბავშვები უფრო მეტ ბოსტნეულს, ხილსა და სასარგებლო პროდუქტებს იღებენ. ეს არამხოლოდ ბავშვებისთვის არის სარგებლის მომტანი, არამედ ზრდასრულებისთვისაც, რადგან ოჯახურ სადილებზე ისინიც სასარგებლო პროდუქტებით იკვებებიან.

კვლევებით ასევე დგინდება, რომ ოჯახთან ერთად რეგულარულად სადილობა თინეიჯერებში რისკიანი ქცევებისადმი მიდრეკილებას ამცირებს. მათ ნაკლებად აქვთ მიდრეკილება ძალადობისკენ, ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოს მოხმარებისკენ და ადრეული სექსუალური ურთიერთობების დაწყებისკენ.

ოჯახური სადილები ამცირებს სუიციდურ მიდრეკილებებსა და დეპრესიის განვითარების რისკებს. ოჯახური სადილების დახმარებით კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდები მდგომარეობიდან გამოსვლას გაცილებით სწრაფად ახერხებენ.

ოჯახთან ერთად სადილობა ბავშვის ქცევას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და მის ხასიათზე დადებითად ზემოქმედებს.

ერთად სადილობა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომ გემრიელი კერძის მირთმევის გარდა ოჯახის წევრებს საკუთარი განცდები და ემოციები გაუზიარონ. ოჯახური სადილის დახმარებით ოჯახის წევრებს შორის ძლიერი კავშირები მყარდება, რომელიც თითოეული მათგანისთვის ძალიან სასარგებლოა.

წყარო: ​Youaremom.com

წაიკითხეთ სრულად