Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

თემუკა ჯიბლაძე საერთაშორისო ქართული სკოლის სპორტის მასწავლებელია. მისი მოსწავლეებთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. თემუკა ჯიბლაძის თქმით, ის სკოლაში უკვე ოთხი წელია მუშაობს, მოსწავლეებთან განსხვავებულ მიდგომებს იყენებს და საკუთარ საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული:

„პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ოთხი წლის წინ დავიწყე მუშაობა. ერთი წელი ვესწრებოდი სხვადასხვა მასწავლებელს. შესვენებებზე ბავშვებს 5-5 წუთით რომ ვხედავდი, ჩემი აღმოჩენა და მისია იყო, რომ მათთვის შემექმნა განწყობა. ასე ვიპოვე ჩემი თავი. თან მყავს სადამრიგებლო კლასი სამი წელია. ახლა მეცხრე კლასში არიან. უკვე 15 წლისები არიან, აქეთ მემეგობრებიან, სერიალს მირჩევენ, ფილმებს, მუსიკას. მთავარი სკოლამ რაც მომცა არის ის, რომ აღმოვაჩინე ჩემი მიზანი: ბავშვებს შევუქმნა განწყობა.“

„ექვსი ბიჭის ბიძა ვარ. ყველაზე ძალიან რაც მაბედნიერებს, ეს არის ბავშვები და ძაღლები. ოთხი წელია, რაც ვმუშაობ და არცერთი შემთხვევა, არცერთი დღე არ მახსოვს, რომ სკოლაში მივედი და ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი. ასეთი სამსახური მაქვს, რომ დილით რომ ვიღვიძებ, ერთი სული მაქვს, წავიდე,“- აღნიშნულ საკითხზე თემუკა ჯიბლაძემ მოსწავლეებთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად