Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაქორწინების შემთხვევაში კომფორტიც უნდა დათმოთ და ორი წელი იყოთ მარტო,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„დაქორწინების შემთხვევაში კომფორტიც უნდა დათმოთ და ორი წელი იყოთ მარტო,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მრავალწევრიან ოჯახში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების შესახებ ისაუბრა:

„ყველა ოჯახს აქვს თავისი მიკროკულტურა. ამ კულტურების გამომუშავება ხდება ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ. ავიღოთ წყვილი, რომელმაც დაქორწინება გადაწყვიტა. წარმოვიდგინოთ, რა სხვაობები შეიძლება იყოს ერთის და მეორეს ოჯახებს შორის. არის ოჯახი, სადაც მამა რომ მოვა, მთელი ოჯახი მის გარშემო ტრიალებს. არის ოჯახი, სადაც მამა გინდ მოსულა, გინდ არ მოსულა, ყველა თავში უტყაპუნებს. ფინანსების საკითხი რომ ავიღოთ, არის ოჯახი, სადაც მამა ამოიღებს ფულს, მისცემს მეუღლეს, თვითონ დაიტოვებს სახარჯოს და იმით დადის. არის პირიქით, როდესაც სულ უნდა უთხრა, რომ აი, ამაში ფული მჭირდება. ამ დროს ის გეკითხება: „რად გინდა?“ არის ოჯახი, სადაც ნაგავს ყრის ქალი, კაცი არ ყრის. არის ოჯახი, სადაც ნაგავს სულ ყრის კაცი, ქალი არ ყრის.“

ზურა მხეიძემ ერთ-ერთი შემთხვევა განიხილა, როდესაც რძალს და დედამთილს ცოცხის დადებასთან დაკავშირებით სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ:

„ერთი ნამდვილი ამბავია. დედამთილს და რძალს ჩხუბი ჰქონდათ ცოცხის დადებასთან დაკავშირებით. დედამთილი ეუბნებოდა, რომ ცოცხი დადე ტარით, იმიტომ, რომ დიდხანს ძლებს. გოგო მდიდარი ოჯახიდან იყო და ვერ გაიგო, რატომ გადაეკიდა და რატომ უნდა დაედო ტარით ცოცხი. ხომ წვრილმანს ვლაპარაკობ, მაგრამ ჩხუბები ამაზეა. იწყება გარჩევები, რომელი უფრო სწორია. საქართველოში განსაკუთრებით ერევა მშობელი. შვილს ეუბნება: „დედაშენი ისე არ იქცეოდა,"„მამაშენი ასე არ იქცეოდა.“ მის მეუღლეს ცალკე მრჩეველი ჰყავს. დაბნეული წავა და დაქალს ეკითხება, რომელიც გათხოვილია, შენთან როგორ არისო. ის სულ სხვა რამეს ეუბნება.“

„დაქორწინების შემთხვევაში კომფორტიც უნდა დათმოთ და ორი წელი იყოთ მარტო. თუ სხვებთან ცხოვრობთ და ძალიან კომფორტულად ხართ, მე გირჩევთ, რომ კომფორტი არ გინდათ, ჯერ ორი წელი ერთად იყავით. ამ ორი წლის განმავლობაში ყალიბდება თქვენი საკუთარი ნორმები, აცრილებივით ხართ. მერე სხვასთან რომ მიდიხართ, იმაზე კი არ იწყებთ ნერვიულობას, თქვენ ხართ არასწორი თუ არა. იცით, რომ ის ოჯახი ისეა, შენი ოჯახი ასეა,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„მეხსიერების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად